გურჯაანში დაკავებული ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მას გირაოს სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
გაზეთ ”კახეთის ხმის” თანამშრომელი სოფო ნიკოლაშვილი პოლიციამ 31 იანვარს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს გიორგი საბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის. მოგვიანებით, დაკავებულმა განაცხადა, რომ საბაშვილმა ის გააუპატიურა, შემდეგ მამის იარაღი მოტყუებით გამოატანინა სახლიდან და გასროლაც თავად განახორციელა.
სოფო ნიკოლაშვილის მამამ, დავით ნიკოლაშვილმა, შვილის დაკავება პოლიტიკას დაუკავშირა. 2 თებერვალს მან თქვა, რომ მას და მის გარემოცვას მას შემდეგ დაუწყეს დევნა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, დღეს კი აცხადებს, რომ იმ დროისთვის შვილი ნანახი არ ყავდა. ” როდესაც მას შევხვდი, მითხრა, რომ მომხდარს პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია.”- მოჰყავს News.ge-ს დავით ნიკოლაშვილის ნათქვამი.




