"წინააღმდეგობის მოძრაობის“ ორგანიზებით 31 მარტს ბათუმში, გაიმართა საპროტესტო აქცია აზიზეის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ. გავრცელებული ცნობებით, აქციაში 300-ამდე პირი მონაწილეობდა. მათ დაგმეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის გეგმა და თურქეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების განსაჯაროება მოითხოვეს. ლაპარაკია შეთანხმებაზე, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ქართული არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის სანაცვლოდ მეჩეთების რეკონსტრუქცია-მშნებლობას ითვალისწინებს ბათუმსა და ახალციხეში.
"მე ვეწინააღმდეგები ყოველი არაქართველის, ქართველთმოძულის საქართველოში დამკვიდრებას,“- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ . „დამპყრობლის სახელობის ნაგებობის დადგმა უნდათ! ქართველობას კლავენ, უთხარით არა! ქართველი კაცები! კაცები! „- ამ სიტყვებით მიმართავდა აქციაზე შეკრებილებს ირმა ინაშვილი.
ბათუმში შემდგარ აქციაზე აზიზეის მეჩეთის მშენებელობის მოწინააღმდეგეებთან ერთად იყო მოძრაობა“ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენელი მურმან დუმბაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, „ქართული ოცნების“ სტრუქტურის ჩამოყალიბება დაავალა. შეგახსენებთ , რომ დუმბაძე ივანიშვილის პარტნიორმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკუთარი რიგებიდან ერთი წლის წინ გარიცხა. რესპუბლიკელებმა პარტიის წესდებასთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს მისი ჩართვა აზიზეის მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგ დაგეგმილ აქციასა და მის ორგანიზებაში.
ორიოდე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მურმან დუმბაძემ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ ივანიშვილმა მას 31 მარტს, ბათუმში, აზიზეის მეჩეთის აშენების გასაპროტესტებელ აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა დაავალა. ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ თურქეთთან შეთანხმების გაფორმება ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის თაობაზე აუცილებელია, თუმცა ამავე დროს, მიუღებელია „ისტორიულად არსებული და დროთაგანმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილას მსგავსი შენობების ხელახლა აშენება“ (ანუ აზიზიეს მეჩეთის აღდგენა ბათუმში)
დავუბრუნდეთ ისევ ბათუმში, 31 მარტს გამართულ აქციას
"საზოგადოება ითხოვს,საჯარო გახდეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის ხელმოწერაზე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლებასთან,"- განაცხადა მურმან დუმბაძემ. „ნეტგაზეთის“ ცნობით, „ემსახურე საქართველოს“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა, რომ "უცხო სახელმწიფო თავს არ უნდა ახვევდეს ჩემს სახელმწიფოს თავის პოლიტიკურ მიზნებს და არ უნდა ავალებდეს და აიძულებდეს მას დამპყრობელი სულთნის სახელობის რაიმე ნაგებობის აშენებას. ამას შეეწინააღმდეგება ყველა საქართველოს მოქალაქე. ჩვენს ხელისუფლებას ეს არ გაუვა.“
აქციის მონაწილეები დაიშალნენ იმ პირობით, რომ თუ ხელისუფლება მეჩეთის აშენების საკითხში უკან არ დაიხეს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ოშკი, X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) საზედამხედველო განადგურების პირას მყოფ ძეგლთა სიაში მოხვდა. თურქეთის ტერიტორიაზე, უმძიმეს მდგომარეობაშია უძველესი იშხანიც - რომელიც გამოირჩევა ორნამენტის მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოდის მოსაზრებიდან, რომ „ამ ძეგლების განადგურება ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა ქართველი ერისთვის.“ მან თურქეთის მხარესთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად თურქეთის მხარე ქართველ სპეციალისტებთან ერთად დაიწყებს მუშაობას ქართული უმნიშვნელოვანესი ძეგლების - ოშკის და იშხნის - რესტავრაციაზე, სანაცვლოდ კი საქართველოს მხარე ბათუმში, აზიზეს მეჩეთის მშენებლობისათვის გამოყოფს ტერიტორიას და ქართველი მშენებლები თურქი სპეციალისტების დახმარებით ახალციხეში, აჰმედის მეჩეთს აღადგენენ.




