საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 86 ხმით, 6–ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო ორგანული კანონპროექტი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. პროექტში ახლიდან ჩამოყალიბდა შემოწირულობების ცნება. ახალი რედაქციით, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ განხორციელებული ხარჯები ასევე ჩაითვლება შემოწირულობად. ამასთან, დაზუსტდა ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა "დაკავშირებულ პირს", თუმცა "დაკავშირებული პირის" ცნება კანონში აღარ იქნება.
"იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე იურიდიული ან ფიზიკური პირი გასწევს ხარჯებს ამ თუ იმ პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, მხოლოდ მის მიმართ იქნება გამოყენებული ამ კანონით გათვალისწინებულ რეგულაციები", – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.
ცვლილებების თანახმად, შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც გააჩნიათ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნით გაწევენ ხარჯებს. ამ გარემოების შესახებ მხოლოდ „დასაბუთებული ვარაუდის“ არსებობის შემთხვევაში შეძლებს კონტროლის პალატა ამ პირებისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა ხუთმაგი ოდენობით, ნაცვლად დღეს მოქმედი ათმაგი ოდენობისა. „სანქციის ოდენობასთან დაკავშირებით ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვერ შევთანხმდით. მათი ინიციატივით, სანქცია უნდა შეადგენდეს უკანონოდ გადარიცხული თანხის სამმაგ ოდენობას, ჩვენ კი სხვა ვერსიას ვთავაზობთ - პირველ დარღვევაზე ხუთმაგი, ხოლო განმეორების შემთხვევაში ათმაგი ოდენობა იქნება,“- განაცხადა პავლე კუბლაშვილი. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონით განსაზღვრული შეზღუდვები, რომელიც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას უკავშირდება არ ეხებოდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, მაგრამ იმის გამო, რომ ამის თაობაზე ჩანაწერი არ არსებობდა, ახალ პროექტში ეს საკითხიც ზუსტდება.
სიახლეა ისიც, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებებს, მათ შორის ყადაღის დადების თაობაზე, სასამართლო იხილავს და ადასტურებს.„არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის არსი სადაოდ არ გაუხდიათ. მათ შემოგვთავაზეს დაზუსტებები იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება სხვაგვარად წაკითხულიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებების დიდი ნაწილი გავიზიარეთ და ავსახეთ კიდეც კანონპროექტში,“ - აღნიშა პავლე კუბლაშვილმა და დასძინა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.
გავრცელებული ცნობებით, შეუთანხმებელ საკითხებს შორის რჩება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ 3–წლიანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ ამომრჩევლები, რომლებიც პარტიების მხრიდან მოსყიდვას დაექვემდებარებიან. მმართველმა პარტიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის წინადადება გაიზიარა, რომ ამომრჩეველი აღარ დაისჯება ფინანსური დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პროექტის ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისათვის", პროექტის ინიციატორი კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა შეზღუდვები პარტიების დაფინანსებაში და ეს შეზღუდვები გავრცელდა პარტიებთან „დაკავშირებულ“ პირებზეც. კანონის ცნება- დაკავშირებული- გახდა განსაკუთრებით მიუღებელი ცვლილებების ოპონენტებისთვის. ისინი აღინიშნავდნენ, რომ კანონი ბუნდოვნად განასაზღვრავდა „დაკავშირებულ პირს“ და ამით კონტროლის პალატას ( რომელიც ანხორციელებს პარტიათა დაფინანსების მონიტორინგს) მოქმედებისთვის განუსაზღვრელ არეალს უქმნიდა. ამ და სხვა სადაო საკითხების დასაზუსტებლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავა.




