ძალადობის მსხვერპლი, 18 წლის ოკსანა მაკარი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. უკრაინელ გოგონას 8 მარტს სამი მამაკაცი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა მასზე ძალა იხმარეს, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადეს.
უკრაინის პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა. გავრცელებული მოსაზრებით, ორი მათგანი გავლენიანი მშობლების, რეგიონული მმართველობის ყოფილი ჩინოვნიკების, ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს. ამ ფაქტმა სამართალდამცველების მიმართ საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. უკრაინის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილები კვლავ დააკავეს. დაკავებულთაგან ორს ბრალი ჯგუფური გაუპატიურების, ხოლო ერთს გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს.
ოკსანა მაკარი მოძალადეებმა სამშენებლო ნაკვეთზე დატოვეს და ცეცხლი წაუკიდეს. გონებადაკარგული გოგონა მეორე დღეს შემთხვევითმა გამვლელმა იპოვნა. ის საავადმყოფოში 55 %-იანი დამწვრობით და ფილტვების მძიმე დაზიანებით გადაიყვანეს. გოგონა სამი კვირის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს.




