სარეკლამო რგოლი

შამპუნის რეკლამაში ჰიტლერის კადრების გამოყენებამ აღშფოთება გამოიწვია

თურქეთის ერთ-ერთი კომერციული სატელევიზო არხის ეთერში  გასულმა  ვიდეო-რგოლმა, რომელის ავტორებმაც მამაკაცებისთვის განკუთვნილი შამპუნის რეკლამისთვის ადოლფ ჰიტლერის კადრები გამოიყენეს,  აღშფოთება გამოიწვია თურქეთშიც და მის გარეთაც.  სტამბოლის მთავარმა რაბინმა  რეკლამის  შემქმნელებს საზოგადოების წინაშე   მობოდიშება მოსთხოვა,  ხოლო ამერიკულმა ლიგამ, რომელიც მთელს მსოფლიოში ანტისემიტიზმთან ბრძოლით არის დაკავებული, თურქეთში დამზადებულ სარეკლამო რგოლს ”მარკეტინგული სირცხვილი ”უწოდა.  სარეკლამო სააგენტოში ”Marka”  დაადასტურეს, რომ  რეკლამა ეთერში აღარ გავა. იქვე განმარტეს , რომ მის  ავტორებს ვერ გაუგეს. ”ჩვენ  ჰიტლერს სასაცილო როლი მოვარგეთ”- აღნიშნეს სააგენტოში და დასძინეს, რომ ”  მამაკაცურობის სიმბოლოდ ჰიტლერი   არავის შეურჩევია.”

შამპუნის რეკლამაში ჰიტლერის კადრებს  მსახიობი ახმოვანებს  ტექსტით: ” რატომ  უნდა გამოვიყენოთ ქალებისთვის განკუთვნილი შამპუნი, როდესაც არსებობს შამპუნი მამაკაცებისთვის Bio-man?  ნამდვილი მამაკაცისთვის აუცილებელია Bio-man.”

რეკლამა 10 დღის მანძილზე გადიოდა  თურქული კომერციული სატელევიზიო არხის ეთერში. 

კომენტარები