რუსეთის პატრიარქმა კირილმა პირველად გააკეთა კომენტარი, სკანდალური პანკჯგუფის, Pussy Riot-ის შესახებ. რუსმა პირველიერარქმა, „მკრეხელობა“ უწოდა მართლმადიდებელთა მხრიდან, იმ დაკავებული გოგონების ქმედებათა გამართლებას, რომელთაც მაცხოვრის ტაძარში აღსრულებული პანკვედრების გამო შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პანკ-ჯგუფის წევრების დაკავების შემდეგ, მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილმა, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ ხელისფლებისგან მათი შეწყალება მოითხოვა. მართლმადიდებელი მრევლი, მათ შორის სასულიერო პირები, მოსკოვის საპატრიარქოსაც ახსენებდნენ, რომ დასჯის მოთხოვნები არ შეეფერება გულმოწყალების სახარებისეულ სწავლებას.
პატრიარქმა, რომლისგანაც ყველა მოელოდა პანკჯგუფის წევრებისადმი შეწყალების სიტყვას, ყველა უიმედოდ დატოვა და განაცხადა: „ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამართლებენ ამ მკრეხელობას, ცდილობენ მის მინიმიზებას და მას ისე წარმოადგენენ, როგორც გასართობ ხუმრობს. სამწუხაროა რომ ამ ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, ვინც თავს მართლმადიდებელს უწოდებს“. კირილმა ასევე განაცხადა, რომ გოგონების პანკვედრებით, ეშმაკმა მორწმუნეებს დასცინა.




