განათლების სამინისტრო

Summer job-ის რეგისტრაციის სტატისტიკა

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,Summer job’’-ისთვის რეგისტრაცია გუშინ, 20 მარტს დაიწყო და გუშინვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ 25 000 სამუშაო ადგილზე 24 965 სტუდენტი დარეგისტრირდა. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დარჩენილია 35 ვაკანტური ადგილი.

სტუდენტებმა რეგისტრაცია  სპეციალურად აღნიშნული პროგრამისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე - www.summerjob.ge- გაიარეს. 20 მარტს აღნიშნულ საიტზე უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 277 000 გვერდის სტუმარი, 2 764 329 საიტის ნახვა და 124 000 უნიკალური ვიზიტორი. 

დაინტრესება იყო დიდი და დღეს, სტუდენტთა  უფლებების ლიგის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ ბევრმა სტუდენტმა რეგისტრაციის გავლისთვის” Summer job”-ის ვებგვერდზე  შესვლა ვერ მოახერხა.  ”www.summerjob.ge რეგისტრაცია...server error”, „პატივი ეცით სტუდენტთა უფლებებს“, ასეთი ლოზუნგებით გააპროტესტეს მათ  სტუდენტთა დასაქმების საიტზე გუშინ შექმნილი ხარვეზები. „დაახლოებით 80 000 სტუდენტი არის საქართველოში და თუ ყველა ერთად შევიდოდა summerjob.ge-ზე, სერვერი, რა თქმა უნდა, გადაიტვირთებოდა. ეს უნდა გეთვალისწინებინათ და სხვა ხერხებით უნდა მომხდარიყო რეგისტრაცია.”-აღნიშნეს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლებმა. 

 განათლების და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით კი, სტუდენტები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან და გააფორმონ ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროგრამას გამოეთიშებიან და გათავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება რეგისტრაცია.

 

კომენტარები