ჟურნალმა ტაბულამ ტელეკომპანია იმედს მოსთხოვა, 2 დღის ვადაში საკუთარ ეთერში აღიაროს მისი ექსკლუზიური უფლება ჯეიმს აპატურაისთან ჩაწერილ ვიდეო ინტერვიუზე, რომლის ნაწილიც 2012 9 მარტს ქრონიკაში საავტორო უფლების დარღვევით გავიდა და გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია აღნიშნული უფლების დარღვევის გამო. მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ტაბულა სასამართლოს მიმართავს. ტელეკომპანია იმედს ჟურნალ ტაბულას წერილობითი მიმართვა 12 მარტს, 19 საათზე, გადაეცა. მას უცვლელი სახით ვაქვეყნებთ:
"მოგახსენებთ, რომ 2012 წლის 8 მარტს შპს "ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალ ტაბულას" ვებ-გვერდზე (www.tabula.ge) განთავსდა ვიდეო ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლთან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, ჯეიმს აპატურაისთან. ის ტაბულას ხელმძღვანელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ექსკლუზიურად ჩაწერა.
2012 წლის 9 მარტს, 20:14 საათზე, თქვენი არხის საინფორმაციო გადაცემაში „ქრონიკა“გამოიყენეს აღნიშნული ინტერვიუს 2 წუთიანი მონაკვეთი, სადაც წაშალეს ტაბულას ლოგო და არ მიუთითეს, რომ აღნიშნული მასალა ეკუთვნის ტაბულას. ამასთან, ტაბულას ხელმძღვანელობას არ გამოუთქვამს არც წერილობითი და არც ზეპირი თანხმობა, რომ აღნიშნული ინტერვიუ თქვენს ტელევიზიას გამოეყენებინა.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად: ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ამ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს, ასეთ ნაწარმოებთა ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი, ან მოითხოვოს მისი მითითება. დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში, ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გაზეთის, ჟურნალის, პერიოდული გამოცემის გამომცემლის, ან ასეთი ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრესაში, ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია, იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა. ამავე კანონის 59-ე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობის ფორმებს კანონის დარღვევისთვის; კერძოდ: საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ, დამრღვევისაგან მოითხოვონ:
ა) უფლების აღიარება;
ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას, ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;
გ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;
დ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად;
ე) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები;
ვ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენს გადაცემა ქრონიკაში იმავე დროს (20:00-21:00 საათზე) აღიაროთ ჟურნალ ტაბულას ექსკლუზიური უფლება ჯეიმს აპატურაისთან ჩაწერილ ვიდეო ინტერვიუზე, რომელიც ქრონიკის ეთერში გავიდა 2012 წლის 9 მარტს 20:14 საათზე და გადაგვიხადოთ კომპენსაცია საავტორო უფლების დარღვევისთვის, ინტერვიუს ღირებულების - 500 აშშ დოლარის ათმაგი ოდენობით.
გთხოვთ, 2 დღის ვადაში მიიღოთ გადაწყვეტილება წინამდებარე წერილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ სასამართლოს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს."




