საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასების მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის შედეგებში მან 72-ე ადგილი დაიკავა და ამ მიმართულებით რეგიონის ლიდერი გახდა.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ხსენებულ რეიტინგში საქართველომ 30 საფეხურით წაიწია წინ, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით და გაუსწრო თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და სხვა სახელმწიფოებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ. ” გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც დავნერგეთ ელექტრონული პირადობის მოწმობები - ID ბარათები, რითაც საქართველო გაუთანაბრდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა კანადა, იაპონია, ავსტრია, ესტონეთი, ფინეთი, ახალი ზელანდია, სინგაპური და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალი შეფასება გვაქვს სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდების სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციის მხრივ, რაც მოსახლეობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის დღეს არსებულ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ”-აღნიშა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ .
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლევას სამი ძირითადი მიმართულებით აწარმოებს: ონლაინ სერვისების სპექტრი და ხარისხი, ტელესაკომუნიკაციo ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა და ადამიანური რესურსების ჩართულობის ხარისხი.




