2012 წლის 1 მარტს საინფორმაციო საშუალებებით რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლის შამანოვის განაცხადება, მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებში პირველი ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და ამ პოლკის ნოვოროსიისკში განთავსების შესახებ .
ამასთან სარდალმა ვერტმფრენების პოლკის შექმნისა და დისლოკაციის ადგილის შერჩევის დასაბუთებისას განაცხადა: „...თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ხშირ გართულებას. საქართველოსთან ურთიერთობებში დაძაბულობა მატულობს. გვაქვს პრობლემები ჩვენს ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ იქ დავიწყებთ სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას ვერტმფრენების გამოყენებას."
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ღია და დაუფარავ მუქარას. ” არავითარ ეჭვს არ ტოვებს, თუ კონკრეტულად ვის წინააღმდეგ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის ეს მორიგი აგრესიული ქმედება. ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული.”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
შარშან რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განალაგა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი «Точка-У»-ს და „სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებისაგან მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.




