გამოძიება

სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ხაშურის პოლიციაში მომხდარზე

2012 წლის 28 თებერვლის ღამეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს სამმართველოს შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქიმერიძე სამმართველოს კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გაესაუბრნენ სამმართველოს უფროსის მოადგილეს ავთანდილ სამსონიძეს და სამმართველოს სხვა თანამშრომლებს. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში მოყვანილია სამოსანაძის განმარატება, რომლის თანახმად 27 თებერვალს, სოფელ ქვიშხეთში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში მიიყვანეს, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ მან ქვიშხეთში მცხოვრები თამაზ გამგონიძის კუთვნილი ნიკელის ჩაიდანი და ალუმინის ქვაბი მოიპარა. ქიმერიძეს გაესაუბრნენ სამმართველოს მესამე სართულზე მდებარე ერთ–ერთ ოთახში. გასაუბრების დასრულების შემდგომ,  ის ჩამოჰყავდათ მეორე სართულზე, იმ მიზეზით, რომ მესამე სართულზე დაზარალებულს უნდა გასაუბრებოდნენ,  ჩამოსვლისას ქიმერიძე მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა.

 ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, კიბეზე ჩამოსვლისას ქიმერიძეს წინ სამმართველოს თანამშრომელი მალხაზ ციხელაშვილი მიუძღოდა. არც ამ უკანასკნელს და არც სხვა თანამშრომლებს გადავარდნის ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლის და წონის გამო შესაძლებელია, სოლომონ ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შიდა ქართლის და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, საქმის დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა მოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების თაობაზე.

”როგორც აღინიშნა ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიეტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები. შესაბამისად, მივმართავთ გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ს.ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას.”- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის  განცხადებაში. სახალხო დამცველის აპარატმა  მოუწოდა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას, გამოძიების წარმოებისას ყურადღება გამახვილდეს იმ  გარემოებაზეც, რომ სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციის მიერ ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იქნა წარმოდგენილი, ” ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით არ იყო დაკავებული, თუმცა როგორც ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, მას ამავდროულად ფაქტობრივად შეზღუდული ქონდა თავისუფლება.”

 

კომენტარები