მოსკოვი

პუტინი: ვინმეს მოკლავენ

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა, არჩევნების წინ პროვოკატორებმა ვინმე ცნობილი პიროვნება მოკლან, რათა ეს ხელისუფლებას დააბრალონ.

 პუტინის განცხადებით, ამგვარ სცენარს „უკვე ათი წელია ამზადებენ ისინი, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებიან. ისინი ე. წ. საკრალურ მსხვერპლსაც ეძებენ“.

 პუტინმა  იმედი გამოთქვა, რომ მისი პროგნოზი არ გამართლდება და ოპოზიცია გააფრთხილა, მიტინგებზე პროვოკაციები არ დაუშვას. „იმედი მაქვს, ყველა დარჩება საკონსტიტუციო ველის ფარგლებში და პროვოკაციები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. მათ, ვიზეც ვსაუბრობ, შეტაკებები სურთ,“- განაცხადა პუტინმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 4 მარტს გაიმართება. რუსული ოპოზიცის წარმომადგენლები 5 მარტისთვის ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ. თუმცა, მოსკოვის მერია მათ ქალაქის ცენტრში შეკრების უფლებას არ აძლევს. ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მომავალი აქცია უკრაინული „მაიდანის“ ანალოგი იქნება და ხალხი მოედნიდან აღარ დაიშლება, სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ შესრულდება. ოპოზიციის აქტივისტებმა მოსკოვში კარვების დარიგება დაიწყეს. ამან კრემლის მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობა „ნაში“-ს წევრების აღშფოთება გამოიწვია - პუტინის მხარდამჭერები ოპოზიციას ექსტრემიზმში, უცხოეთიდან დაკვეთების შესრულებაში და გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

 

კომენტარები