ნატომ გაიწვია საკუთარი წარმომადგენლები ავღანეთის სამინისტროებიდან მას შემდეგ, რაც ორი ამერიკელი ოფიცერი მოკლეს ქაბულში, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ მიმართავს ზომებს თანამშრომლების დასაცავად. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ კი „უპრეცედენტო"უწოდა 2 ამერიკელი სამხედროს მკვლელობას ქაბულში.
გავრცელებული ცნობებით, ქაბულში ყველაზე უსაფრთხოდ მიჩნეულ შენობაში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო ბაზაზე ყურანის დაწვის გამო იძია შური.
ნატოს სამხედრო ბაზაზე ისლამის წმინდა წიგნის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით, ორიოდ დღის წინ, ავღანელ ხალხს ოფიციალურად მოუბოდიშა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან სატელეფონო საუბარში მან ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო, თუმცა განმარტა, რომ ყურანი განზრახ არ დაუწვავთ და ინციდენტის გარემოებებს გამოძიება დაადგენს.




