აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა სირია ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა და ეს რეჟიმი მეტ სისხლში გაისვრის ხელს, თუ სასწრაფოდ არ შეწყვეტს ცეცხლს, როგორც ეს ტუნისის კონფერენციის მონაწილეებმა მოსთხოვეს.
ტუნისში „სირიის მეგობართა ჯგუფის“ შეხვედრაზე, კრიზისის მოგვარების გზები 70-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა განიხილა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიმართავს ზომებს სირიის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რითაც გაამკაცრებს სანქციებს ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით.
გავრცელებული ცნობებით, საერთაშორისო კონფერენციას არ ესწრებოდნენ რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები.მანამდე ამ ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოში ჩააგდეს სირიის საკითხზე რეზოლუციის მიღება.
24 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია სირიაში, ასადის სამხედროების მიერ 18 მოქალაქის მოკვლის შესახებ, მათგან 7 ერთი ოჯახის წევრია, მოკლულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.




