მოსკოვი

ФСБ-მ თედეევი რეისიდან მოხსნა

ცხინვალის რეჟიმის მოწინააღმდეგე, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა.

"სიმფეროპოლში მივფრინავდი, უკვე 40 წუთი ჰაერში ვიყავით. შემდეგ სალონში გამოჩნდა რამდენიმე ფორმიანი და განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ბრუნდებოდა მოსკოვში და ФСБ-ს ბრძანებით რეისიდან მოხსნილი ვიყავით" - განაცხადა თედეევმა. დაშვების შემდეგ თედეევი ФСБ-მ დააკავა, ცოტა ხანში კი გაათავისუფლა.

ჯამბოლათ თედეევი და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ რეისიდან მოხსნის და დაკავების მიზეზი მათვის არ განუმარტავთ. სამართალდამცავებმა მხოლოდ ის განაცხადეს, რომ შესაბამისი ბრძანება მიიღეს. თედეევმა ინციდენტს "ვიღაც-ვიღაცეების მიერ ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია“ უწოდა.

ჯამბოლათ თედეევი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის გამარჯვებულ კანდიდატს ალა ჯიოევას უჭერდა მხარს. თუმცა, მას შემდეგ, რაც 26 იანვარს ФСБ-მ მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა, თავად თედეევი კი მოწმის სტატუსით დაკითხა, იგი პოლიტიკას გაემიჯნა. ალა ჯიოევას კი მოუწოდა, 10 თებერვლისთვის დაგეგმილ ინაუგურაციაზე უარი ეთქვა.

9 თებერვალს ალა ჯიოევა ცხინვალში დააკავეს. იმავე დღეს ცნობილ გახდა, რომ ჯამბოლათ თედეევი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

კომენტარები