”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - პარტიას ამ სახელწოდებით ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს. პარტიის საინიციატივო ჯგუფი ივანიშვილმა ჟურნალისტებს 15 თებერვალს წარუდგინა.
საინიციატივო ჯგუფში შევიდნენ: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ფონდ „ქართუ“-ს ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ბიზნესმენი გოგლა ჟვანია, უფლებათადამცველები - თამაზ ავდალიანი, მანანა კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი, ეკონომისტი ნოდარ ხადური, დიპლომატები თედო ჯაფარიძე, გია ვოლსკი და მაია ფანჯიკიძე.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფში ასევე შედიან სპორტსმენი ლერი ხაბელოვი, მეცნიერი ნუგზარ დავითაშვილი და ფეხბურთელი კახი კალაძე, თუმცა კი ისინი ”ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრნენ. ივანიშვილმა თქვა , რომ მის გვერდით იქნება „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარიც. ბიზნესმენის განცხადებით, მის გუნდში კვლავაც მუშაობს ეკა ბესელია, რომელიც იურიდიული საკითების მოგვარებით არის დაკავებული და, სურვილის შემთხვევაში, პარტიასაც შეუერთდება.
პრეზენტაციას ივანიშვილის კოალიციის წევრები - რესპუბლიკელთა ლიდერი დავით უსუფაშვილი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრნენ. ბიზნესმენის თქმით, მოლაპარაკებები კოალიციაში გასაერთიანებლად გრძელდება ქალთა პარტიასა და სალომე ზურაბიშვილის პარტია საქართველოს გზასთან.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ყრილობის გამართვას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გეგმავს. იგი აპირებს თავად იყოს პარტიის თავმჯდომარე და იმედს გამოთქვამს, რომ მანამდე მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხი გადაწყდება. მისი თქმით, „გარკვეული საზღვრები სააკაშვილისთვისაც არსებობს“ და პრეზიდენტი იძულებული გახდება ივანიშვილს „უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა“ დაუბრუნოს.
ბოლო განახლება 15.02.12 17:30




