2012 წლის იანვარში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა მთავრობას აღნიშნული დაწესებულებების ლიკვიდაციის რეკომენდაციით, იქ არსებული მძიმე პირობების გათვალისწინებით. ”არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას.”-აღნიშნავდა მაშინ სახალხო დამცველი.
რაც შეეხება წლევანდელ მონიტორინგს, მონიტორინგის ანგარიშში აღინიშნა გადატვირთულობა ბათუმის მე-3-ე და ზუგდიდის მე-4 -ე დაწესებულებებში. ამას გარდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში არ არის დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის სისტემა, საკნების გათბობა ხდება ელექტროქურებით, რაც არასაკმარისია. ”ზოგიერთ საკანში ელექტროქურა საერთოდ არ ჰქონდათ, ვინაიდან, პატიმრების თქმით, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს გათბობის საშუალების მიწოდებას.”-აცხადებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები. მათ პატიმრებმა ზუგდიდში აუხსნეს, რომ საკნებს წყალი მიეწოდებათ დღეში სამჯერ, მაქსიმუმ 3 საათით, ხოლო ბათუმში - დღეში ერთი საათით. სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის თვალშისაცემი გახდა, რომ ბათუმის მე-3-ე დაწესებულებაში ზოგიერთ პატიმარს არ ჰქონდა არც გადასაფარებელი, არც თეთრეული, არც კოვზი და თეფში.
”ორივე დაწესებულებაში პატიმრები აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა გაუმჯობესებულია და რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას თანამშრომელთა მიმართ არ გამოთქვამენ. მიუხედავად აღნიშნულისა, მონიტორინგის ჯგუფისთვის ზუგდიდის მე-4-ე დაწესებულებაში შესამჩნევი იყო პატიმართა დაძაბულობა საკნის კარის გაღების დროს – ყველა მათგანი სასწრაფოდ ზურგზე ხელებდაწყობილი დგებოდა ფანჯარასთან. პატიმრობის კოდექსით პატიმრებისათვის დადგენილია არანაკლებ 1 საათი გასეირნების უფლება, ზუგდიდის მე-4-ე დაწესებულებაში გასეირნება 30–40 წუთს მოიცავს, ხოლო ბათუმის მე-3-ე დაწესებულებაში – 10–15 წუთს. შაბათ–კვირას პატიმრები სასეირნოდ საერთოდ არ გაყავთ. პრობლემურია პაემნების ხანგრძლივობაც. სატელეფონო კავშირის უფლება კანონით დადგენილი ვადით უზრუნველყოფილია მხოლოდ ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში, ხოლო ბათუმის მე-3-ე დაწესებულებაში, ისევე, როგორც წინა წლებში, არ არის სატელეფონო ხაზი და არც ტელეფონის აპარატებია დამონტაჟებული, შესაბამისად, პატიმრები, უკვე რამდენიმე წელია, ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით.”- აღნიშნულია მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშში.




