ბიძინა ივანიშვილი

მაია ფანჯიკიძე: ოქრუაშვილი არასანდო პოლიტიკური ფიგურაა

ქართული ოცნების პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ  ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ”ერთ მშვენიერ დღეს იმ ფაქტების გამომზეურების დროც დადგება”, რომლებთან დაკავშირებითაც ბიძინა ივანიშვილს აზრი გამოუთქვამს.

 ირაკლი ოქრუაშვილმა ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშილს და მოსთხოვა დაასაბუთოს გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ოქრუაშვილი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და დღესაც ამ გუნდის წევრია.

 ” საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს მართლა ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან და მითუმეტეს დღესაც მათი გუნდის წევრი ვარ თუ არა, როგორც თქვენ ამას ამტკიცებთ. თუ უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენთ ჩემი ხელისუფლებასთან კავშირის "ოდნავ დამაჯერებელ" მტკიცებულებას მაინც, საჯაროდ ვდებ პირობას რომ არათუ პოლიტიკას დავემშვიდობები სამუდამოდ, არამედ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან განზრახვაზე - საქართველოში დაბრუნებაზე ასევე სამუდამოდ ავიღებ ხელს. თუ თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, მეც და ბევრი სხვაც ჩათვლის, რომ თქვენც ისეთივე ტყუილისა და სიყალბის გზას ადგახართ როგორსაც სააკაშვილი.”- აღნიშნა ოქრუაშვილი. ამას გარდა, მან გამოთქვა შეხედულება, რომ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ივანიშვილი ” მეტწილად იარლიყების მიკერებით, ოპოზიციაში პოლიტიკური დესტრუქციით თუ სხვა პოლიტიკოსების ლანძღვით უფრო მეტად” არის დაკავებული, ვიდრე ხელისუფლების კრიტიკით.

 ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი ოქრუაშვილის მიმართვის ამ ნაწილსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილი არის არადამაჯერებელი და არასანდო პოლიტიკური ფიგურა, რასაც მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც ადასტურებს. ძალიან ბევრი კითხვაა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, მე მგონი მან ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, ვიდრე სხვის ტყულებზე ილაპარაკებს.“- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები