რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა გაზეთ “Kommersant”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს პირდაპირი დემოკრატიის ელემენტებს. კერძოდ, იგი გამოვიდა ინიციატივით შემოიღონ პირდაპირი მუნიციპალური არჩევნები და ადგილობრივი დონის რეფერენდუმები. გარდა ამისა, მან საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის პოლიტიკური და პარტიული სისტემის განვითარებისთვის საჭირო ზომების შემუშავებისკენ მოუწოდა.
საგულისხმოა, რომ 2004 წელს თავად პუტინმა გააუქმა რეგიონული გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები, გაართულა დამოუკიდებელი კანდიდატების პარლამენტში მოხვედრის პროცედურა, რითაც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში პატარა პარტიების მიერ მანდატების მოპოვების შანსები შეამცირა. მანვე გაამკაცრა რეფერენდუმების ჩატარების პროცედურა.
პრემიერის მიერ აღნიშნული ინიციატივით გამოსვლას 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ. პუტინი რუსეთს 2000-2008 წლებში ედგა სათავეში და კიდევ მესამე ვადით აპირებს კენჭისყრას.




