აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ბაჩო ახალაია აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა.

“ორმხრივ ფორმატში შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გაზარდოს დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, რაც გულისხმობს თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლას, არსებული პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავებას, კონკრეტული წვრთნებისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას. “- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში. ამავე ცნობით, აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. მხარეთა გადაწყვეტილებით, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები.

 შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განმარტა, რომ სამომავლოდ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაზე, არამედ უშუალოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე.

 თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს “ISAF TOP 10” ფორმატში გამართულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა იყო. სამუშაო სესიას ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ. ნატოს 10 წევრ და 2 პარტნიორ ქვეყნის კოლეგებთან თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა - კვლავ გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ISAF -ის ოპერაციაში.

 

კომენტარები