გამოფენა

ქართული კვალი კავკასიაში

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 2012 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება გამოფენა, რომელიც კავკასიაში დატოვებულ ქართულ კვალზე მოგვითხრობს.

ფოტოექსპოზიციის მოწყობის ინიციატორია ტურისტული კომპანია Good Travel–ი, რომელმაც 2011 წლის განმავლობაში ქართველებს იმის საშუალება მისცა, რომ საკუთარი თვალით ენახათ საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები, მაგალითად: ახტალის, ახპატის, სანაინის, ქობაირის, ჰნევანქის ტაძრები. მათი ფოტოების ერთი გამორჩეული ნაწილი ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს ეკუთვნის, ხოლო მეორე – ტურისტულ კომპანიას, საგამოფენო დარბაზის ცენტრში ექსპონირებული ოთხი ფოტო კი – თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. ფოტო–ფონო განყოფილების არქივიდან „გამომზეურებული“ ნამუშევრები კულტურული კერის სიმდიდრეზეც მიანიშნებს.

გამოფენის ორგანიზატორთა მთავარი მიზანია საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართული კვალის პოპულარიზაცია, რამაც მუზეუმის ხელმძღვანელს – გიორგი კალანდიას ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი აღუძრა. გასულ წელს მან ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები თავად მოინახულა და ქართული ტაძრების ახლანდელი მდგომარეობაც საკუთარი თვალით ნახა.

გასულ საუკუნეში გადაღებული, მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე ექსპონატების დახმარებით, დამთვალიერებელს ერთიდაიგივე ტაძრების სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები შეუძლია ნახოს და ერთმანეთს შეადაროს. მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მაგალითად, ზამთარში აღბეჭდილი ახტალას სამონასტრო კომპლექსი, ანუ პერიოდში, როდესაც ძეგლს ყველაზე ნაკლები მნახველი ყავს და იშვიათად თუ იცის ვინმემ, თუ როგორ გამოიყურება ერთ ეზოში თავმოყრილი რამდენიმე ძეგლი წელიწადის ყველაზე ცივ და სუსხიან სეზონში.

ექსპონირებული ნამუშევრებიდან (დაახლოებით 40 ფოტო) აღსანიშნავია ჰნევანქის ტაძარი, რომელიც დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ყურადღებას, უპირველესად, გუმბათის ყელის დაბოლოებით იპყრობს. მისი ტურისტულ მარშრუტში შეტანა სომხეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ტაძრების მონახულების მსურველთა რიცხვს აუცილებლად გაზრდის. თავის მხრივ, მუზეუმი „კავკასიაში

ქართული კვალის“ თემას პერიოდულად მიუძღვნის გამოფენათა ციკლს, რომელიც სწორედ კავკასიაში არსებული ქართული არქიტექტრურული, ფოლკლორული, ლიტერატურული და ისტორიული ძეგლების შესახებ გვამცნობს. მომავალი გამოფენა, ორგანიზატორების თქმით, უკვე ჩრდილოეთ კავკასიას და აზერბაიჯანში დატოვებულ ქართულ კვალს მიეძღვნება.

ექსპოზიციის პარალელურად, მუზეუმში დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამა, სახელწოდებით „გახდი ტაძრის ხუროთმოძღვარი“, რომელიც რვიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მისცემს. თეორიულ ნაწილში მოზარდები ნახავენ კავკასიაში არსებული უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული ძეგლების არქიტექტურას, მოისმენენ ტაძრების მშენებლობის ისტორიას, მოხატვისა და მოჩუქურთმების თავისებურებებს, პრაქტიკულ ნაწილში კი ერთგვარ შემეცნებით–ვირტუალურ ტურში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. ვორქშოპის დროს, საგანგებოდ მომზადებულ ესკიზებზე, ისინი მოხატავენ ქართულ ფრესკებს, დაასრულებენ იშხანის ჩუქურთმებსა და ორნამენტებით დაამშვენებენ სამთავისის კარის კარიბჭეს. პროგრამის ფარგლებში ბავშვები სვეტიცხოვლისა და პარხლის მაკეტებსაც ააწყობენ.

გამოფენის გახსნას რომ მივუბრუნდეთ, ეს დღე იმითაც გამოირჩეოდა, რომ Good Travel–მა მისი ერთგული კლიენტები, ჟურნალისტები და სტუმრები არაერთი სოლიდური პრიზით დაასაჩუქრა და მუზეუმის ეზოში შეკრებილ საზოგადოება თანამშრომლობისთვის განაწყო.

 

კომენტარები