ახალი მედია

ჟურნალის Copyright პრეზენტაცია

 20 იანვარს, 20 საათზე, “თბილისი ივენთ ჰოლში” ჟურნალის Copyright პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” მხარდაჭერით გამოიცემა. ჟურნალი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. Copyright სამ თვეში ერთხელ გამოვა.

Copyright პირველი ჟურნალია ამ სფეროში და მისი მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროს პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა.

ჟურნალი შემეცნებითი ხასიათისაა და მასში ასახულია საავტორო უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო პრაქტიკა, საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა - რა კეთდება ქვეყანაში ავტორთა უფლებების დასაცავად, ასევე პრობლემატიკა, რაც ამ სფეროს ირგვლივ ქართულ რეალობაში არსებობს. ჟურნალში იხილავთ სხვადასხვა რუბრიკას: ''დებიუტი''- ჯგუფი Window, ''ქართველები უცხოეთში''- ვალერიან შიუკაშვილი, ''პორტრეტი'' - დები იშხნელების ცხოვრება, სტატია, რომელიც თავად იშხნელების მემკვიდრეების მიერ არის დაწერილი. ჟურნალში ასევე გაშუქებულია მიმდინარე კულტურული მოვლენები: რომის გამოფენა, 33 ა-ს და ზუმბას ახალი ალბომები, ირაკლი ჩარკვიანის ახალი ინტერნეტალბომი და ვებ გვერდი KAIA.GE. და სხვა.

პირველი ნომრის მთავარი თემაა ინტერვიუ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ, ნიკოლოზ რურუასთან, რომელშიც საუბარია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისათვის საავტორო უფლებების მნიშვნელობასა და ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

 ჟურნალს თან ახლავს 2 CD თანამედროვე ქართველი მომღერლების კომპოზიციებით, რომელიც ასოციაციის მიერ კამპანიის - “ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!” - ფარგლებშია გამოცემული.

 

კომენტარები