მეკობრეობა

ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები უკვე საქართველოში არიან

სომალელი მეკობრეების თექვსმეტთვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული 15 ქართველი მეზღვაური უკვე საქართველოში დაბრუნდა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთში დახვდნენ ტყვეობიდან გათავისუფლებულებს, რომლებიც კენიიდან ჩაფრინდნენ. ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრაც გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოეწყო. პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ტყვეობაში ყოფნისას თურქმა და ქართველმა მეზღვაურებმა ერთმანეთის მიმართ დიდი სოლიდარობა გამოიჩინეს. გემზე ქართველებთან ერთად 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა.

"ძნელია, წარმოიდგინო, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ხალხმა, რა პირობებში გაატარეს ტყვეობა. ეს, ალბათ, ყველაზე ცუდი რამეა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს თავისუფლები არიან. უნდა გვახსოვდეს, რომ 600-ზე მეტი მეზღვაური, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, დღესაც დატყვევებულია სომალიში. ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველანი ვგმობთ მეკობრეობას, საერთაშორისო კრიმინალს და ვთანამშრომლობთ მასთან ბრძოლაში ის, რომ თქვენ აღმოჩნდით იმ იღბლიანთა შორის, ვინც თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა და სიხარულია” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში, სომალის სანაპიროებთან დაატყვევეს. მეზღვაურები მოლაპარაკების საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

კომენტარები