მეკობრეობა

კარბელაშვილი: მეზღვაურების გათავისუფლება ჩვენი პრიორიტეტი იყო

მეკობრეებისგან ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა, რომელმაც სომალში ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელა. გიორგი კარბელაშვილის თქმით, მეზღვაურების დატყვევების პირველივე დღეებიდან სიტუაციას პირადად საქართველოს პრეზიდენტი აკონტროლებდა, მეზღვაურების გათავისუფლებაში კი ჩართული იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, გემთფლობელები, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები.

 ”არაერთხელ, პირადად მე ვიმყოფებოდი დახურულ და გაუხმაურებელ შეხვედრებზე. ეს პრობლემა ქვეყნის პრეზიდენტისთვის და პირადად ჩვენთვის იყო მთავარი პრიორიტეტი. ყველაფერი გაკეთდა მაქსიმალურად”. - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი განცხადებით, ქართულ მხარეს მეზღვაურების ტყვეობის პერიოდში გაურკვეველი ჯგუფები სთავაზობდნენ სხვადასხვა პირობებს, მათ შორის იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარების წინადადებაც, რაზეც სახელმწიფომ უარი თქვა, ვინაიდან სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

 მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემფთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.

მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა 10 იანვარს აღნიშნა, რომ  ტანკერის დაკავების შემდეგ, საქართველოს მთავრობის წვერები საჯაროდ ვერ საუბროდნენ იმაზე თუ რა კეთდებოდა ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დასახსნელად. ”გიორგი კარბელაშვილმა ნახევარი მსოფლიო მოიარა, საჭირო ხალხს დაუკავშირდა, შეხვდა, ესაუბრა, სხვადასხვა გზა გამონახა და ბოლოს, რა თქმა უნდა, შედეგსაც მიაღწია,”- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა : ”საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს.”

 საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უარყვეს თურქული პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის გათავისუფლება თურქეთის პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს სააგენტოში განუმარტეს, რომ მოლაპარაკებებში თურქეთი არ მონაწილეობდა და ქართველებთან ერთად 3 თურქი მეზღვაურის გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების საფუძველზე მოხდა.

 

კომენტარები