ფეხბურთი

დავიდი და ლივერპული

ლივერპულში ესპანელების ყიდვა კარგი ტონია. ფერნანდო ტორესმა ლივერპულში თითქმის რინგო სტარამდე გაქაჩა და ტორესი ახსოვთ. ესპანელებიც ახსოვთ. ლივერპულმა 35 მილიონ ევრომდე გადათვალა და ბარსელონას დავიდ ვილიაში შესთავაზა. ვილია სხვა თემაა და ლივერპულისთვის თითქმის ტორესია.

შარშან, ვილიაზე გვარდიოლამდე ლივერპულის ბოსები გავიდნენ. ორ კვირაში ვილია ბარსელონაში წავიდა. ლივერპული მეორე დავიდზე გადაერთო და ოდნავ იაფმა დავიდ სილვამ სიტისკენ გაუხვია.

Superdeporte ვალენსიაში იბეჭდება, პოპულარული საკითხავია. რამდენიმე კვირის წინ მთავარ სათაურში ვილია და ლივერპული არიან. ესპანელები უკვე ჭორაობენ ბარსელონაში სიტუაციის დაძაბვაზე. სიტუაცია ვილიამ ლეო მესის დაუძაბა. ვარჯიშზე რაღაც უაზრობის გამო აუხტა მესის და ეძველბიჭა. ვილიამ მესისთან იძველბიჭა!

გვარდიოლამ ეგრევე ბრიფინგი ჩაატარა, ვილიაზე თქვა, ყველაზე მშვიდი და საყვარელი ბიჭიაო და კონფლიქტი არააქტუალური გახდა. ბარსელონაში აქტუალური ფეხბურთია. მესისთან და ვილიასთან ერთად.

გვარდიოლა ათამაშებს ალექსის სანჩესს, პედრო თითქმის გვარდიოლაა. და მესი. ლეო სულ ცენტრშია. წელს არგენტინელ კლასიკოსს ვილიაზე სამჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი. ბარსელონაში ამისგან პრობლემას არ ქმნიან. მოსულა.

ლივერპულში პეპე რეინა და კიდევ ერთი ესპანელი, ხოსე ენრიკე იღებენ ხელფასს. რეინა სანდოა, ენრიკე ენფილდზე საუბარს, მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხის დაბრუნებას სწავლობს. კენი დალგლიში ვილიაზე კარგს ამბობს. თუ ბარსელონა ტრანსფერს ხელს არ შეუშლის, უკეთესს იტყვის. თან დალგლიშს უკვე არ მოსწონს ენდი ქეროლი. ბიჭი შარშან, 35 მილიონ გირვანქად იყიდეს და ქეროლი ჯერ დაბნეულია, ვერ ხვდება, სად მოხვდა და რა უნდა გააკეთოს. თან, ლუის სუარესსაც ვერ დაუმეგობრდა.

ქეროლი ჯერ 22 წლის არის და ლივერპულში, დალგლიშის გარდა, ყველას მოსწონს. ვილია ქეროლთან შედარებით პუშკაშია. რაც ქეროლს დასამუღამებელი აქვს, ის ვილიამ დიდი ხნის წინ აითვისა და დღეს მშვიდად არის. ვალენსიაში დავიდმა 166 ტესტში 108 გოლი აკრიფა. ბარსელონაში – 48 და 23. ნორმალური სტატისტიკაა. ვილიას საგოლე აბებს მესი და სხვები იღებენ. ლივერპულში უფრო თავისუფლად უნდა იყოს.

ვილია: „ბარსელონაში სამოთხეა. ბარსელონა მომწონს. ხანდახან ვალენსია მენატრება, მაგრამ ესპანეთიდან წასვლაზე არ ვფიქრობ. ბარსელონაში გენდობიან და შენგანაც იმავეს ითხოვენ. ჯერ აქ ვარ”.

ლივერპული ვილიას გარდა სხვა ფორვარდებს არ აკვირდება. საყრდენიც უნდა და რეინასთვის ნორმალური დამსვენებლის იაფად პოვნაზეც თანახმაა. უბრალოდ, ვილია Wanted-ის სიაში პირველია. ბარსელონაში ჯერ ფიქრობენ.

კომენტარები