საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა რიცხოვნობას ეხება. დეპუტატებმა გაითვალისწინეს გასულ კვირას უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, პარლამენტართა რაოდენობა ისევ 150 იქნება. პარლამენტი წარმოდგენილი იქნება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისგან (მოქმედ პარლამეტში ეს თანაფარდობა 75/75-ზეა).
რამდენიმე თვის წინ ინიცირებული პროექტის მიხედვით, დეპუტატების რაოდენობა 190 უნდა გაზრდილიყო, რასაც მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციური ძალას შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებდა. თუმცა, მოგვიანებით, შეთანხმების მონაწილე სუბიექტების თანხმობით, ამ პროექტში ცვლილებები შევიდა.
მიღებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას ნებისმიერი ბარიერგადალახული სუბიექტისთვის საკუთარი ფრაქცია შექმნას.
მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტართა ხმების არა 2/3, არამედ ¾ ხდება აუცილებელი. ეს ცვლილება 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.
ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს მიენიჭებათ.
ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტმა საბოლოოდ მესამე მოსმენით, 114 ხმით ერთხმად დაამტკიცა.




