საარჩევნო

ამომოჩეველთა მარკირება არ გაუქმდება

საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

 საარჩევნო კოდექსის პროექტში დაბრუნდა ის ნორმა, რომელიც ამომრჩეველთა მარკირებას ითვალისწინებს. ეს პროცედურა პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული არ იყო და მისი აღდგენა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მოხდა.

 პარლამენტმა კოდექსში ასევე გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ქალების არჩევნებში მონაწილეობის წახალისებას ითვალისწინებს. კერძოდ, პარტიებს, რომლებიც პროპორციულ სიებში პირველ 50 ადგილზე 20%-ს ქალებს დაუთმობენ, სახელმწიფო დაფინანსება გაეზრდებათ.

 მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ასევე გაუქმდა ბინადრობის ცენზი პარლამენტის წევრობის კანდიდატისთვის. პროექტის წინა ვერსიის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეულიყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 5 წლისა (მოქმედი კოდექსით ამ ცენზის სახით 10 წელია გათვალისწინებული). ამავე დროს, ძალაში დარჩა დებულება, რომლის თანახმად კანდიდატად კენჭისყრა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც საქართველოში არჩევნებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

 კანონპროექტის სხვა დებულებებს, რომელთა შორისაა მედია მონიტორინგთან და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან, დავებთან და სანქციებთან დაკავშირებული თავები, ასევე დამოუკიდებელი მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებული რეგულაციები, დეპუტატები, კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების წინ განიხილავენ.

 

კომენტარები