2011 წლის 19 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" (II) (განაცხადი №32863/08) დაშვებულად გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, განაცხადი ეხება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიერ, რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ჩადენილ კონვენციის დარღვევებს. უფრო კონკრეტულად, განაცხადი შეეხება კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მე-13 (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება), პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლისა (განათლების უფლება) და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) დარღვევებს.
“ ეს არის პირველი სამართლებრივი ნაბიჯი იმ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა. წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. ჩვენ მოგვეცემა მტკიცებულებების წარდგენის საშუალება. ამასთან, იმედია, სასამართლოში მოწმეების წარდგენის შესაძლებლობაც გვექნება. ეს დიდი წარმატებაა ჩვენთვის და წინ მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს გასავლელი". - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.
საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, 2008 წლის 12 აგვისტოს, სასამართლომ მიუთითა დროებითი ღონისძიება და რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად მხარეებს მოუწოდა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. საქართველოს მთავრობამ განაცხადი სრული ფორმით 2009 წლის 6 თებერვალს, ხოლო დამატებითი მასალები 2010 წლის 10 მარტსა და 2011 წლის 13 ივნისს წარადგინა.




