საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პატრუშევი: საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა საქართველო ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. როგორც პატრუშევმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მებრძოლების მომზადება რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად“.

პატრუშევმა თავის ინტერვიუში რამდენიმე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს ხალხები „ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები“, სააკაშვილი კი „ატარებს პოლიტიკას, რომელიც შორსაა ქართველი ხალხის ინტერესებისგან“.

პატრუშევის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს - იზრდება საგარეო ვალი და ინფლაცია. საქართველოს ხელისუფლება კი, პატრუშევის აზრით, „ადგილობრივი მოსახლეობის დეზინფორმაციას ეწევა, მათ შორის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების თაობაზე“, რაშიც, მისი აზრით, მას უცხოური მედიასაშუალებები ეხმარებიან.

პატრუშევმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში მიმდინარე მოვლენების უცხოეთში გაშუქებით. მისი განცხადებით, უცხოური ტელეარხები მოსკოვის მოვლენების გასაშუქებლად „საბერძნეთში მიტინგების უხეში დარბევის“ კადრებს იყენებენ და სხვა მანიპულაციებს მიმართავენ, რათა რუსეთში მიმდინარე მოვლენები დაამახინჯონ.

საქართველოს მისამართით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ გამოთქმულ ბრალდებას თბილისში გამოეხმაურნენ. ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის აზრით,

ვლადიმერ პუტინის პოპულარობის დაცემის ფონზე რუსეთის ხელისუფლება ახალი ფსევდო ცივი ომის წამოწყებას ცდილობს . ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ პატრუშევის ბრალდების იგნორირება არ შეიძლება. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში შიდაპოლიტიკური ტემპერატურის აწევა ზრდის რისკებს და საფრთხეებს რუსეთის სამეზობლოში.

ნიკოლაი პატრუშევს საქართელო ”ტერორისტების მფარველობაში” პირველად არ დაუდანაშაულებია. 2010 წელს მან არ გამორიცხა მოსკოვში მომხდარი აფეთქებების გამოძიებისას ქართული კვალი გამოკვეთილიყო. ამ განცხადებას მაშინ თბილისში პროვოკაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ცდილობდა.

 

კომენტარები