კახი კალაძე გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას და თან ახსნა რატომ მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, რაც პირველად კვირას, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე გაახმოვანა. კალაძის საპასუხო განცხადებაში ნათქვამია: ” მე არ მქონდა მორალური უფლება, ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა მაშინ, როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით უკვე მეორე წელია, ციხეში ზის და მე, მისმა მეგობარმა სამართალი ვერ ვიპოვე. მაპატიეთ, მაგრამ, რაც უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია.”. კალაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადების იმ ადგილას გაკეთება დაიწუნა, სადაც ეს მოხდა და განცხადების მიღმა პოლიტიკა დაინახა. ” კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობა”. - განმარტა კახი კალაძემ. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას ”სამარცხვინო ” უწოდა და დასძინა : ”უბრალოდ, მათ შეეძლოთ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი 15 წლის მანძილზე ყოფნის გამო.”
გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ კალაძეს გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, უპირველესად, მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას. სსფ-ს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ” ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებმა, სამწუხაროდ, საფეხბურთო ოჯახის ზოგიერთი წევრის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები გამოიწვია.”




