საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კახი კალაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე გააკეთა. კალაძემ მხარდაჭერა აღუთქვა ბიძინა ივანიშვილს და მის მოძრაობას და თქვა, რომ ტოვებს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს. კალაძის მიერ ”ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე გახმოვანებულ გადაწყვეტილებას დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ განცხადებაში აღნიშნა:
”ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, საფეხბურთო ოჯახის ზოგიერთი წევრის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას და მკვეთრად ემიჯნება არასაფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს მყარი პოზიცია, საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტნის (მისივე განცხადებიდან გამომდინარე), კახა კალაძის გადაწყვეტილების თაობაზე.
ვფიქრობთ, თითოეული ფეხბურთელისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა უდიდესი სპორტული და მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გუნდისა და ქვეყნის წინაშე. ეროვნული გუნდის წევრს (მით უმეტეს კაპიტანს) კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადებას საჯაროდ აკეთებს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, უპირველესად, მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას.
ამასთანავე, გვსურს მოვუწოდოთ ქართული საფეხბურთო ოჯახის თითოეულ წევრს – მოქმედ თუ ვეტერან ფეხბურთელს, ნებისმიერი საჯარო გამოსვლისას, ისაუბრონ საკუთარი სახელით და არა მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელით.
ვიმედოვნებთ, სამომავლოდ, ჩვენი ფეხბურთელები გულშემატკივარსა და საზოგადოებას თავს კარგი თამაშით დაამახსოვრებენ და არა პოლიტიკური განცხადებებით".
ფეხბურთი და პოლიტიკა
სფფ კალაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა





