ბიძინა ივანიშვილი

მოძრაობა ქართული ოცნების პრეზენტაცია


„ჩვენი მიზანია აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის“ -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში  გაიმართა.  ღონისძიება ბერა ივანიშვილმა გახსნა თავისი სიმღერით „ოცნება ქართული“. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე შეკრებას დარბაზის გარეთაც ადევნებდნენ ადამიანები  თვალს -  ფილარმონიის ჰოლში დამონტაჟებულ მონიტორებზე.

პრეზენტაციას  ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ფილარომიაში მივიდნენ  ოპოზიციის ლიდერებიც.

დიდ საკონცერტო დარბაზში  შეკრებილებს  მიმართეს:   რატი ამაღლობელმა,   ნაიარა გელაშვილმა,  მანანა კობახიძემ, კახი კალაძემ, გურამ ოდიშარიამ, ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილმა.

 „დღეს გაჩნდა იმედი, რომ ქართული ოცნება  ახდება,  ჩვენ ვერ შევქმენით სახელმწიფო ღია, ადამიანზე ორიენტირებული. სხვა გზა არ გვაქვს გარდა დემოკრატიისა.“- თქვა თავის გამოსვლაში რატი ამაღლობელმა. კახი კალაძემ   ხელისუფლება დაადანაშაულა „ადამიანის დასმენის ჩვეულებრივ მოვლენად“  გადაქცევაში,  ასევე „ეკლესიის დევნაში“ და თავისი გამოსვლის ბოლოს  აღნიშნა, რომ „ბიძინა  ივანიშვილი  თავისი განვლილი ცხოვრებით არის ნიმუში იმის,  როგორი უნდა იყოს სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი.“

  თავად ბიძინა ივანიშვილის  სცენაზე გამოჩენას  დარბაზი ფეხზე წამოდგომით შეხვდა.  ივანიშვილმა კი  განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ იმუშავებს  რათა გაძლიერდეს საზოგადოების გავლენა  პროცესებზე.  ივანიშვილის თქმით,  „ქართული ოცნება“ შექმნის   რეგიონულ ოფისებს, რომლებიც ადგილებზე ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნაზე იზრუნებენ.

თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა  საქართველოს რეალობა ასე  აღწერა: „ ქვეყანაში დამკვიდრებულია ნომენკლატურული კაპიტალიზმი,  უმუშევრობა ინტენსიურად იზრდება,  დემოგრაფიული მაჩვენებლები შემაშფოთებელია,  სოფელი  გაპარტახდა, ჯანდაცვის სექტორში არ განხორციელებულა არც ერთი წარმატებული პროექტი, ასი ათასობით ქართველი გადახვეწილია, უყურადღებოდაა მიტოვებული ჩვენი კულტურაც. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დასახა  საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა და  რომ არა პატრიარქის სიბრძნე  გარდუვალი იქნებოდა სხვა და სხვა ეროვნებების და კონფესიების დაპირისპირება. ეროვნული უმცირესობები ხელისუფლებას მხოლოდ  საარჩევნო კამპანიის დროს ახსენდება.  თვალშისაცემია  საზოგადოებაში  მათი ინტეგრაციის დაბალი ხარისხი,  დაბალია მათი წარმომადგენლობა ადგილობრივ სტრუქტურებში. ვარდების რევოლუციამ საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა,  ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ჩვენი  საზოგადოება ბნელია და ეწინააღმდეგება სასიკეთო ცვლილებებს. მან გეგმად დაისახა ჩვენი გაუცხოება სამშობლოსგან. ხელისუფლებამ ამოწურა საგარეო  და საშინაო ლიმიტი და იქცა ხელის შემშლელ ძალად.  ჩვენ ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ,  რომლის მმართველიც მისგან ჩადენილი შეცდომების გამო მიუღებელია საშინაო და საგარეო ასპარეზზე. "

ფილარომიის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას მილიარდერმა ბიზნესმენმა განაცხადა: „საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია.  საერთაშორისო ორგანიზაციების მასალების ანალიზი მოწმობს, რომ  2008 წლის აგვისტოში შეიძლებოდა კონფლიქტის ესკალაციის არიდება.  უფრო მეტიც   შესაძლებელი იყო სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ჩვენი ხელისუფლების უმძიმესი  შეცდომები .  ხელისუფლებას არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური  რესურსები, არ არსებობს არც  სტრატეგია, ხედვა მაინც, რომლის მხარდასაჭერად მზად იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოება. ხელისუფლების სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებად რჩება აპრობირებული, რუსული საფრთხის აღკვეთის პრინციპი. ხელისუფლება ამ მიზეზით ამართლებს   პოლიტიკურად  აქტიური პირების დაჭერას, შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას, 2011  წლის 26  მაისის აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევას." 

თავად  ივანიშვილს არ ულაპარაკია რუსეთის  აგრესიაზე. მან ახსენა „კონფლიქტების მოგვარების“ აუცილებლობა.   ერთ-ერთ მიზნად  დაასახელა „საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, მთავარი მიზანი კი ასე ჩამოაყალიბა:  „ ჩვენი მიზანია აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის , ისე რომ ამ ჯაჭვში  შევინარჩუნოთ  საქმე და ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ხელისუფლებას, არამედ   ქართულ სახელმწიფოს.  დადგა დრო საქართველოს დავუბრუნოთ წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი.“  ივანიშვილის ამ  გამოსვლის შემდეგ  საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია ისევ  ბერას  ვიდეო-რგოლის  ჩვენებით დასრულდა.

კომენტარები