ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია: კონფლიქტებით ნატოში არავინ შეგვიყვანს

აშშ-ში ვიზიტად მყოფმა თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ნიუ-იორკში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ”საქართველო დღეს უფრო შორსაა ნატოსგან , ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის წინ იყო” და მას თავისი ”კონფლიქტებით ნატოში არავინ შეიყვანს”. ”ეს არის ფაქტი, რადგან არვის სურს ბირთვულ რუსეთთან დაპირისპირების საკუთარ სახლში, ანუ ევროპაში შეტანა.”- დასძინა ნათქვამს ირაკლი ალასანიამ. მისი აზრით , ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ ( სამიტზე მაშინ ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები) საერთაშორისო თანამეგობრობაში იყო განცდა იმისა, რომ ”საქართველო შეიძლება დასდგომოდა კონფლიქტების მოწესრიგების გზას.” ” რადიკალურმა პრეზიდენტებმა მიიყვანეს საქართველო იმ მდგომარეობამდე , რომ დღეს უფრო მეტი ტერიტორიაა დაკარგული, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს.” - აღნიშნა ალასანიამ. მან თქვა ისიც, რომ საქართველოს ესაჭიროება” რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის აღდგენა, მისი ეკონომიკისთვის და პირველ რიგში სოფლის მეურნეობისთვის. ”

7 დეკემბერს ბრიუსელში , ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ , აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს 4 ქვეყნისთვის ( მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია და საქართველო) ალიანსის კარის ღიად დატოვების მნიშვნელობა. ”ნატო-ს მინისტერიალზე მიღებულ დოკუმენტში პირველად არის საქართველო მოხსენიებული ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად, ანუ იმ ქვეყნად რომელიც ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დგას.”- განმარტა გუშინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. მისივე თქმით ” ეს არის სპეციფიური ტერმინი. საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ მიღებული ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა -MAP.” მინისტერიალის მიერ მიღებულ დოკუმენტში გაკეთებულმა ჩანაწერმა რუსეთი გააღიზიანა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო საქართველოსთან მიმართებით გააფრთხილა, აგვისტოს ომი გაიხსენა და ნატოელი კოლეგების გასაგონად განაცხადა:” გამოვთქვამ იმედს, რომ ნატოელები დაუფიქრდებიან ისეთი მოვლენის წახალისებას, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში რეგიონში. ამ რეგიონს კი აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა არა მარტო კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. ”

 

 

კომენტარები