ირაკლი ალასანია

ატლანტიკური საბჭო თავისუფალი დემოკრატების ცნობას უარყოფს

Facebook- ში   ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის  ირაკლი ალასანიას  პირად გვერდზე დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ  თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ”ატლანტიკური საბჭოს”  გამგეობის წევრი გახდა. ალასანია  ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ინფორმაციის  დასაზუსტებლად ”ტაბულა ” თავისუფალ დემოკრატებს დაუკავშირდა.  ვიქტორ დოლიძემ ტაბულასთან საუბრისას  დაადასტურა გავრცელებული ცნობა და  თქვა, რომ ალასანია გუშინ  ნამდვილად გახდა ”ატლანტიკური საბჭოს” გამგეობის  წევრი . ”ეს განსაკუთრებული სიახლე არ არის,  შესაბამისი შემოთავაზება   კარგა ხანია   არსებობდა .”- აღნიშნა ალასანიას თანაპარტრიელმა.  

ტაბულამ “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია  ”ატლანტიკურ საბჭოში”  გადაამოწმა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა  ვიცე-პრეზიდენტმა,  დეიმონ უილსონმა “თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განმარტა : ” ირაკლი ალასანია  ატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანდა.  ის ორგანიზაციის გამგეობაში არ აურჩევიათ.  ატლანტიკური საბჭო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და  ბევრი უცხოელი წევრი ჰყავს, მათ შორის  საქართველოდანაც.  წევრებს შორის არიან: ალექსანდრე რონდელი, თემურ იაკობაშვილი, დავით სიხარულიძე და ბათუ ქუთელია.”

ატლანტიკური საბჭო ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციაა და  მიზნად ისახავს ტრანსატლანტური თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობას.  

კომენტარები