კორუფციასთან ბრძოლის კვლევა

2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“  2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64–ე ადგილი დაიკავა და მაქსიმალური 10 ქულიდან 4.1 ქულა მიიღო. ეს მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით საქართველომ 0.3 ქულით გაიუმჯობესა. 2010 წელს  კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა 3.8 იყო და 178 ქვეყანას შორის 68–ე ადგილი ეკავა. 2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ აჩვენებს, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ თურქეთს (61-ე ადგილი) ჩამორჩება. საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში კორუფციის აღქმის დონე ბევრად უფრო მაღალია: სომხეთი 2.6 ქულით129–ე ადგილზეა, რუსეთი და აზერბაიჯანი კი 143–ე ადგილს ინაწილებენ 2.4 ქულით.

„კორუფციის აღქმის ინდექსს“ (CPI) ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  სათაო ოფისი ბერლინში. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო ჯგუფების კვლევებს. ის ასევე ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე დამკვირვებლების, მათ შორის შეფასებულ ქვეყნებში მცხოვრები და მომუშავე ექსპერტების მოსაზრებებს.

კომენტარები