კორუფციასთან ბრძოლის კვლევა

Transparency International-მა საქართველოს ანტიკორუფციული სისტემა გამოიკვლია

Transparency International-საქართველომ 2009-2011 წლებში ჩატარებული კვლევის „საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის შეფასება“ შედეგები  გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში განხორციელდა იმ 12 ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტის ანალიზი, რომლებსაც საკვანძო როლი აკისრიათ ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფციის აღკვეთის მხრივ.

როგორც Transparency International-საქართველო აღნიშნავს,  ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის (National Integrity System) კვლევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება.

კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე ძლიერ ინსტიტუტებად შეფასდა ხელისუფლების აღმასრულებელი შტო, სამართალდამცავი უწყებები და სახალხო დამცველი. ყველაზე სუსტებად კი - სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლო და მედია.

Transparency International-საქართველოს დასკვნით, 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლება (მათ შორის სამართალდამცავი უწყებები) და გაუმჯობესდა მისი შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლის მხრივ.

ამავე დროს, ორგანიზაციის დასკვნით, „პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონეებზე თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი რისკი არსებობს“.

„უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმა იქნა მიღებული კეთილსინდისიერი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა ეს ნორმები პრაქტიკაში ყოველთვის სრულფასოვნად არ ხორციელდება“,  - ნათქვამია დასკვნაში .

 

კომენტარები