85 წლის ასაკში აშშ-ში, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ერთადერთი ქალიშვილი სვეტლანმა ალილუევა გარდაიცვალა.
ის 1926 წელს ლენინგრადში , იოსებ სტალინის და ნადეჟდა ალილუევას ოჯახში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ დედის გვარზე გადავიდა და უკვე 1967 წლიდან ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. სტალინის შვილის მეორე, ამერიკული ცხოვრება დელიში დაიწყო, როცა მან მოსკოვიდან დელიმდე ინდოელი ემიგრანტი მეუღლის ცხედარი გააცილა. სვეტლანა ინდოეთში მხოლოდ ერთი თვით იყო ჩასული , თუმცა იქ დარჩენა სურდა. სტალინის შვილის თხოვნა ინდოეთში არ დააკმაყოფილეს. საბჭოთა საელჩომ მას უკან დაბრუნება მოსთხოვა და გააფრთხილა კიდეც, რომ სსრკ-დან გასვლის უფლება აღარ ექნებოდა, ამის შემდეგ სვეტლანა ალილუევამ დელიში აშშ-ს საელჩოს მიმართა და აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რამდენიმე თვის შემდეგ აშშ-ში საბჭოთა ემიგრანტის მიერ გამოცემული ავტოგრაფიული წიგნი ” 20 წერილი მეგობარს” ბესტსელერად იქცა. ავანსმა ალილუევასთვის 2,5 მილიონ დოლარს გადააჭარბა და როგორც მაშინდელი ”ნიუ იორკ ტაიმსი” წერდა ” ეს ნამდვილი რეკორდი იყო. ალილუევამ მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა, მათ შორის ღარიბ, რუს ემიგრანტებს და უცხოეთში რუსული კულტურის დაცის საქმეს. როგორც დასავლეთის პრესა წერს ”გულმოწყალებამ და წარუმატებელმა ინვსტიციებმა” სტალინის შვილი სიბერეში ხელცარიელი დატოვა. 1970 წლიდან, აშშ-ში ის ლანა პიტერსის სახელით და გვარით ცხოვრობდა ( ეს გვარი ამერიკელი ქმრისგან მიიღო). ლანა პიტერსმა , იმავე სვეტლანა ალილუევამ უკანასკნელი წლები ვისკონსინის შტატში მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც თავს კერვით და მხატვრული ლიტერატურის კითხვით ირთობდა და იქვე , 22 ნოემბერს აღესრულა, თუმცა შტატის ხელისუფლებამ ცნობა ორშაბათს გაავრცელა.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა სტალინის შვილმა 1978 წელს მიიღო, ჩაეწერა რესპუბლიკელების მხარდამჭერებში და 500 დოლარიც შესწირა კონსერვატიულ ჟურნალს სახელწოდებით ”National Review”, აღნიშნავენ, რომ ამ ჟურნალს ალილუევა თავის საყვარელ ჟურნალს უწოდებდა.





