ჯანდაცვა

კონტროლის პალატა ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრში დარღვევებზე

საქართველოს კონტროლის პალატა ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ განკარგვასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში ამხელს. კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ აუდიტის შედეგები დღეს წარმოადგინა . ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან. ამ კომპანიებს კი 2008-2011 წლებში ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შეყიდვების 31%-ს აჭარბებს. ამას გარდა, კონტროლის პალატის ინფორმაციით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებულთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულებას ხელოვნურად ზრდიდნენ, რის გამოც , სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 1 122 404 ლარი."საერთო ჯამში ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 400 000 ლარი", - განაცხადა გიორგი ალასანია. აუდიტის მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს, გადაეგზავნა.

 

 

კომენტარები