თბილისში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა

საქართველოს ”ვარდების რევოლუციის” მე-8-ე წლისთავზე თბილისში,  რიყის პარკში,  აშშ-ს რიგით მე-40-ე პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა.  დღეიდან რიყის პარკში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოჯდეს სკამზე და  ფოტო გადაიღოს იმ ამერიკელი ლიდერის ქანდაკებასთან, რომელმაც 1982 წელს დადო  პირობა, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების წინსვლის აშშ-ს გეგმა საბჭოთა ”ბოროტების იმპერიას” ისტორიის ნაგავსაყრელზე მოიტოვებდა. ქანდაკების გახსნას დაესწრნენ თბილისში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენებიც.  ძეგლის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა: ”რონალდ რეიგანმა 20 წლის წინ საბჭოთა კავშირი დაანგრია და ასობით მილიონი ადამიანი გაათავისუფლა, ამიტომ ის იმსახურებს თავის ადგილს საქართველოს გულში, რადგან საქართველო იმ იდეების მომხრე და მატარებელია, რომლებსაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ახორციელებდა”.  თავის გამოსვლაში სააკაშვილი შეეხო რუსეთის დღევანდელი ლიდერების სწრაფვას ”ევრაზიული კავშირის” სახით  გააცოცხლონ  საბჭოთა კავშირი და   ხაზი გაუსვა, რომ ამ  გადაწყვეტილებას აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის საპატრიარქო. სააკაშვილმა რუსეთის საპატრიარქოს   ”კრემლის ფილიალი”უწოდა, გაიმეორა, რომ  მან  ”ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო საბჭოთა კავშირის აღსადგენად”. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ   საბჭოთა კავშირის აღსადგენად გამოცხადებული ყველა ლაშქრობა წარუმატებლობისთვის არის განწირული და ეს მცდელობები რუსეთს დესტაბილიზაციამდე მიიყვანს.

 

კომენტარები