
წლევანდელ არტისტერიუმში 18 ქვეყანა და 80-ზე მეტი არტისტი მონაწილეობს. გამოფენის თემაა „თავისუფალი ვარდნა”. არტისტერიუმი 2011-ის კურატორის, მაგდა გურულის განმარტებით, გამოფენაში მონაწილე ხელოვანებს სივრცესა და დროში შეუზღუდავი მოძრაობის უნიკალური შანსი ეძლევათ. ისინი თავისუფალნი არიან რაიმე სახის ემოციური, ინტელექტუალური ან თემატური დირექტივებისგან. სხვა სიტყვებით, ხელოვანს სრული თავისუფლება აქვს აირჩიოს თემა, გამოხატოს საკუთარი ინტერესი და დამოკიდებულება იმ ადგილისადმი, სადაც ნამუშევარი უნდა წარადგინოს, სადაც ცხოვრობს და მუშაობს. ტერმინი „თავისუფალი ვარდნა” იმ სიტუაციის მსგავსია, როდესაც შორდები „დედა ხომალდს” და საკუთარ თავს უკიდეგანო სივრცეში აღმოაჩენ გადარჩენისთვის აუცილებელი ინსტრუქციის გარეშე. როდესაც არტ-ინსტიტუციონალურ „ზეცას” მოწყვეტილი, დედამიწაზე დასაშვებად, იძულებული ხარ აღმოაჩინო საკუთარი, უნიკალური „გრავიტაციული” შთაგონება.
არტისტერიუმი ამერიკელმა ხელოვანებმა ენ ელიზაბეთ მურმა და ელიზაბეთ უაითმა გახსნეს. მათ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ვიდეოპროექციები „გასახდელი” და „სამოსი” წარმოადგინეს. პირველი ნამუშევარი ტანსაცმლისადმი პიროვნების სოციალურ და ფსიქოლოგიურ კავშირს იძიებს და ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებასა და მის გარეგნობას შორის სხვაობას უსვამს ხაზს. ავტორთა აზრით, თანამედროვე სამყაროში ქალის სხეული განიხილება ტერიტორიად, რომელზეც მისი სოციალური სტატუსი, პიროვნულობა და მორალური მახასიათებლები აისახება. სწორედ მსგავსი მიდგომა განაპირობებს ქალების მცდელობას წარმოაჩინონ თავი არა იმად, რაც სინამდვილეში არიან, არამედ ისე, როგორც სურთ აღიქმებოდნენ გარშემომყოფთა მიერ. ერთსაათიანი ქრონომეტრაჟის მქონე მეორე ვიდეოში ნაჩვენებია თავად მისი ავტორი, რომელიც არღვევს და ნაწილებად შლის ორ ცალ ჯინსის შარვალს. „სამოსი” ლაიფციგის ტექსტილის ფაბრიკაშია გადაღებული. აღმოსავლეთ გერმანიის ამ ერთ დროს უდიდესმა საწარმომ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა, თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა და კარი ხელოვანებს და გალერეებს გაუხსნა. ჯინსებს და მაისურებს კი გერმანელებისთვის, დღეს, ძალზედ რთულ სამუშაო პირობებში, კამბოჯელი ქალები კერავენ. ეს ნამუშევარი ერთგვარი მედიტაციაა კაპიტალიზმზე, ერთიანობაზე, დანაკარგებსა და გამძლეობაზე.
ევროპის სახლში წარმოდგენილი პოლონელ ხელოვანთა ექსპოზიციის მთავარი თემა ამ ქვეყანაში სოციალური სტრუქტურის გარდაქმნით განპირობებული სოციალური, პოლიტიკური და კულტურული სისტემების დესტაბილიზაცია გახლდათ. გამოფენის სახელწოდება „განმეორებადი დისფუნქცია” იმ პროცესზე მინიშნებაა, რომელიც თავს იჩენს დემოკრატიულ სისტემაში, სადაც ერთ დარღვევას სხვა ძნელად განსაჭვრეტი უარყოფითი ცვლილებები სდევს თან. გამოფენაზე წარმოდგენილია ანა ბაუმგართის, ოსკარ დავიცკის, ზბიგნიევ ლიბერას, აგატა მიხოვსკას, იანეკ სიმონის, იზა ტარასევიჩის და სხვა ავტორთა ნამუშევრები. ისინი უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, გარდაქმნის პერიოდში შექმნეს. ეს საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ იმას, თუ როგორი იყო პოლონელ ხელოვანთა კომენტარი დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესზე და როგორ იცვლებოდა ხელოვნების ენა.

ლიტერატურის მუზეუმში იაპონელმა ხელოვანმამასარუ ივაიმ საკუთარი პროექტის „დიდი დასუფთავება” ფარგლებში ვიდეონამუშევარი „დიდი დასუფთავება – თბილისი, ქართული ცეკვა” წარმოადგინა. ივაიმ ეს ვიდეო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაიღო. ეკრანზე გამოსახულია გოგონა, რომელიც ცოცხით ხელში ცეკვავს და, პარალელურად, თბილისის ქუჩებს ასუფთავებს. მასარუ ივაის მიერ არტისტერიუმის სტუმრებისთვის შეთავაზებული მეორე ნამუშევარიც „დიდი დასუფთავების” ნაწილია და „გალაქტიკის რეცხვა” ეწოდება. ამ ვიდეოში ავტორი რეცხავს ყველაფერს, ისეთ ნივთებსაც კი, რომლებიც ჩვეულებრივ არ ირეცხება, მაგალითად – წიგნს. საგამოფენო დარბაზში, ვიდეოპროექციების გარდა, ივაის მიერ ლიტერატურის მუზეუმში ნაპოვნი დამტვერილი სკულპტურებიც განთავსდა. ისინი ექსპოზიციის გახსნისას მხატვარმა საგულდაგულოდ გაწმინდა. ამ საქციელით გაკვირვებულ მაყურებლებს კი ძენ-ბუდისტური სიმშვიდით უპასუხა – „ვწმენდ იმიტომ, რომ ჭუჭყიანია”.
ლიტერატურის მუზეუმშივე წარმოდგენილია კიდევ ერთი იაპონელი მხატვრის, ჯუნიშირო იშიის ინსტალაცია „ბნელი ოთახი”. ნამუშევარი ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას ეხმაურება და ავტორის ემოციებს გამოხატავს. ნამუშევარი ბნელი ოთახის შუაგულში დაბალი შუქით განათებულ მაგიდას წარმოადგენს. მასთან მიახლოებისას ქართულ ენაზე დაწერილი სამი სიტყვის წაკითხვაა შესაძლებელი – „სინათლის ქვეშაც არაფერია”. მაგიდასთან ახლოს კი ხისგან დამზადებული ლამაზი ყვავილი დგას.
არტისტერიუმის ფარგლებში, ხელოვნების მოყვარულებს კიდევ მრავალი საინტერესო ექსპოზიციის ხილვის შესაძლებლობა მიეცემათ. თანამედროვე ხელოვნების გამოფენა 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სტატია მომზადებულია არტისტერიუმის ასოციაციის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე





