კანში გრძელდება დიდი ოცეულის სამიტი

საფრანგეთის ქალაქ კანში დიდი ოცეულის სამიტი გრძელდება. გავრცელებული ცნობებით დღევანდელი მსჯელობა წარიმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადების ირგვლივ, რაც კრიზისში აღმოჩენილი ქვეყნების დასახმარებლად მოკლევადიანი კრედიტების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. სამიტის წინ იყო მოლოდინი, რომ მთავარი განსახილველი საკითხი მსოფლიო ფინანსური სისტემის რეფორმა იქნებოდა. დიდი ოცეულის სამიტის პირველი დღე კანში ევროზონის კრიზისს და საბერძნეთის მდიმარეობის განხილვას დაეთმო.

დღეს საბერძნეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრს პაპანდრეუს მთავრობის ნდობის ვოტუმი დგება კენჭისყრაზე. საბერძნეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ პაპანდრეუს გადადგომა მოითხოვა. პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ გამოსვლაში მიანიშნა, რომ დასაშვებად მიიჩნევს მოიხსნას დღის წესრიგიდან საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღების საკითხზე რეფერენდუმი.

 

კომენტარები