რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება 10 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ , რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად კვლავ ჟენევაში გაემგზავრა.
"რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის მხარემ შვეიცარიის ის შეთავაზება მიიღო, რომელსაც საქართველო გასულ კვირას დაეთანხმა. ”-აღნიშნა მან და დასძინა :” თუ ეს მართლა ასეა, გამოდის, რომ რუსული მხარე ეთანხმება მექანიზმის შექმას, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს შორის მოძრავ ყველა ტვირთზე ორკომპონენტიანი მონიტორინგი განხორციელდება. მონიტორინგი პირველ რიგში სავაჭრო კორიდორების დასაწყისსა და ბოლოში საერთაშორისო მონიტორების განთავსებას გულისხმობს, მეორე რიგში კი - ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის სისტემას".
სერგი კაპანაძის განმარტებით, საუბარია სამი სავაჭრო კორიდორის გაკონტროლებაზე. პირველი სავაჭრო კორიდორი იწყება მდინარე ფსოუდან და მთავრდება ქალაქ ზუგდიდში. შესაბამისად, მონიტორები მდინარე ფსოუზე განთავსდებიან და გააკონტროლებს ყველაფერს, რაც აფხაზეთში შევა. მეორე სავაჭრო კორიდორი როკის გვირაბის ჩრდილოეთით იწყება და ქალაქ გორში მთავრდება. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გაკონტროლდება, რაც ამ კორიდორში იმოძრავებს. მესამე კორიდორი კი, იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ლარსის გამშვები პუნქტია, ამასთან, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, თუკი ჟენევაში მასთან შეხვედრაზე რუსეთის მხარე შვეიცარიის კომპრომისული წინადადების მიღებას ოფიციალურად დაადასტურებს, მაშინ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოსაგვარებელი მხოლოდ პროცედურული საკითხები დარჩება.
სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის შეთანხმება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა დაადასტურა, მან განაცხადა, რომ მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების პროექტი უკვე არსებობს."მოხარული ვართ, რომ საქართველო მხარს უჭერს პროექტს და შეთანხმება მიღწეულია,"- მოჰყავს ”ინტერფაქსს” მედვედკოვის სიტყვები . რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე გამოთქვა შეაფასება, რომ კომპრომისული პროექტი რუსეთის პოზიციას არ ეწინააღმდეგება .
ჟენევაში გამგზარვებამდე საქართველოს დელეგაციის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა და ამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო 18-19 წლის მანძილზე საქართველოს აქვს იმ ტვირთბრუნვის მონიტორინგის პრობლემა, რომელიც კვეთს საქართველოს საზღვრებს და მოძრაობს საქართველოს შიგნით. ”მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სწორედ ამას არეგულირებს და ასეთი იყო ჩვენი წინადადებაც რუსეთისადმი. ღია აგრესიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან გართულდა, მაგრამ თქვენი ერთობლივი ძალისხმევისა და მოლაპარაკებების ძალზე რთული პროცესის შედეგად, ამ პოზიციას ისევ დავუბრუნდით - საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ უნდა განხორციელდეს ყველა იმ ტვირთის მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მიმართულებით და საქართველოს შიგნით მოძრაობს, მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ პროცესს დღეებში ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ, ვფიქრობ, მოლაპარაკების პროცესის მთელი პერიოდის განმავლობაში ჩვენი ნაციონალური ინტერესებითა და საერთაშორისო სამართლის უკლებლივ ყველა პრინციპის დაცვით ვხელმძღვანელობდით. სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.




