ОДКБ-ს წევრებს საგარეო პოლიტიკის თაობაზე მითითებები დაურიგდათ

რუსეთი პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის გაღრმავებას ცდილობს. კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრ ქვეყნებს საგარეო პოლიტიკის საერთო მიმართულებების შესახებ სპეციალური დოკუმენტი გაეგზავნათ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.

ОДКБ-ში, რუსეთთან ერთად, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი შედიან. გაერთიანების ამოცანა საგარეო საფრთხეებისგან ერთობლივი დაცვა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის კოორდინირებაა. „კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ აგვისტოში ასტანაში გამართულ სამიტზე წევრმა ქვეყნებმა საგარეო-პოლიტიკური თემების ჩამონათვალი დაამტკიცეს, რომლებთან დაკავშირებითაც ამიერიდან ერთიანი პოზიციით გამოვლენ - როგორც ევროკავშირი და ნატო. სექტემბრის ბოლოს კი დოკუმენტი ქვეყნების მთავრობებს ოფიციალურად მიეწოდათ.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ამიერიდან პრორუსული გაერთიანების წევრებმა საერთო პოზიცია ისეთ საკითხებში უნდა გამოხატონ, როგორიცაა „ისტორიის გაყალბებასთან ბრძოლა“ (რაც მეორე მსოფლიო ომის მოვლენების მხოლოდ რუსული ვერსიის გავრცელებას ითვალისწინებს), საერთაშორისო უსაფრთხოება და სარაკეტო თავდაცვა, ურთიერთობა ნატო-სა და ეუთო-სთან, მდგომარეობა ავღანეთში, ტერორიზმთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. დოკუმენტისთვის ხელი მხოლოდ უზბეკეთს არ მოუწერია.

როგორც „კომერსანტს“ОДКБ-ში რუსეთის წარმომადგენელმა იგორ ლიაკინ-ფროლოვმა განუცხადა, ახალმა ინიციატივამ გაერთიანება უნდა აქციოს „მნიშვნელოვან საერთაშორისო სტრუქტურად, რომელსაც მთელს მსოფლიოში მოუსმენენ“. რუსეთს ასევე იმედი აქვს, რომ ОДКБ-ს როლს ნატო-ც აღიარებს.

როგორც, თავის მხრივ, გამოცემას ნატო-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა განუცხადა, ალიანსისთვის ОДКБ „მხოლოდ რუსეთის პატრონაჟის ქვეშ მოქმედი ვირტუალური ორგანიზაციაა, რომელიც პრაქტიკულ აზრსა და პოლიტიკურ საფუძველს არის მოკლებული“. „კომერსანტის“ წყაროს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ახალი ინიციატივა ამ სტრუქტურას უფრო კონსოლიდირებულს გახდის.

 

კომენტარები