აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის წიგნი სახელწოდებით No Higher Honor უკვე გახდა განხილვის საგანი. ის რაისის მიერ თეთრ სახლში გატარებულ წლებს აღწერს და მკითხველს მოუთხრობს სხვა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ყოფილი სახელმწიფო მდივნის შეხვედრების დეტალებზე. No Higher Honor -ში რაისი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომსაც იხსენებს და წერს, რომ იმ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაურეკა და რუსეთის 3 მოთხოვნა აცნობა. პირველი მოთხოვნა იყო - საქართველოს ხელი მოეწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებზე, მეორე - საქართველოს თავისი ჯარები დაებრუნებინა ყაზარმებში, რაისი მესამე მოთხოვნამ გააოცა. "სერგეიმ მაშინ თქვა, რომ მესამე მოთხოვნა მხოლოდ ჩვენ გვეხებოდა – თქვა, მიშა სააკაშვილი უნდა წავიდესო. მე ყურებს არ დავუჯერე და რეაგირება მოვახდინე ინსტიქტურად, ანალიზის გარეშე. სერგეი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადადგომაზე არ ლაპარაკობს, - ვუთხარი მე. მესამე პირობის შესრულება შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ვაპირებ, შეძლებისდაგვარად ყველას შევატყობინო, რომ რუსეთს საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა სურს. მან გაიმეორა, მე ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენს შორის რჩება. არა, ვუპასუხე, ეს მხოლოდ ჩვენს შორის არა, ვაპირებ, ყველას გავაგებინო", - ასეთ ციტატას აქვეყნებს Washington Post-ი კონდოლიზა რაისის წიგნიდან.
შემდეგ, რაისი წერს, რომ მივიდა ტელეფონთან და მთელ მსოფლიოში რეკვა დაიწყო - დაურეკა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ სტივენ ჰედლის, შემდეგ ბრიტანელებს, ფრანგებს და სხვებს, აცნობა გაერო-ს უშიშროების საბჭოსაც.
"ეს ნაბიჯი შესაძლოა, არ იყო დიპლომატიური, მაგრამ იყო გამჭრიახი"- წერს Washington Post-ი.





