დღევანდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში პოპულარულადაც კი იქცა იმის აღნიშვნა, რომ საქართველო მრავალფეროვნებით ისტორიულად მდიდარი ქვეყანაა და შემწყნარებლობის განსაკუთრებული კულტურა გაგვაჩნია. თუმცა, სამწუხაროდ, ტოლერანტობის ნამდვილი არსის გააზრება და მრავალფეროვნების მნიშვნელობის ჩვენეული აღქმა ხშირად დეკლარირებით შემოიფარგლება მხოლოდ და როდესაც ცხოვრება რეალურ ტესტს გვთავაზობს იმის გასარკვევად, ვექცევით თუ არა სხვას ისე, როგორც გვსურს, რომ მოგვექცნენ ჩვენ, შეგვწევს თუ არა ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის გამოხატვის უნარი, საკმაოდ გვიჭირს თანასწორუფლებიანობის პრინციპის ცხოვრებაში გატარებაც და განსხვავებულთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვაც. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა საფრთხეებს უქმნის საზოგადოებას, მის მთლიანობას ქსენოფობიური და შეუწყნარებლობის გამომხატველი დამოკიდებულებები და საპირისპიროდ, რამდენად პოზიტიური წვლილი შეიძლება შეიტანოს თანასწორუფლებიანობისა და ტოლერანტობის კულტურის განმტკიცებამ მშვიდობიანი გარემოს შექმნაში, ჩვენი კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი პროგრესის უზრუნველყოფაში.
ილიასა და იაკობ გოგებაშვილის ეს უნიკალური სიტყვები, რომელიც თანამედროვე გლობალიზებული სამყაროს პირობებშიც ესოდენ აქტუალურია, კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ამ თემის მარადიულობაზე, იმაზე, რომ აუცილებელია, წარსულის გამოცდილების საფუძველზე, შევძლოთ აწმყოს კარგად გააზრება და უკეთესი მომავლისკენ სავალი გზების დასახვა.
გიორგი ტუღუში
ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლ იანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონეგახსნილ კაცისაგან. იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე ცალკე კაცი იქნება, თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისს სასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა.
...ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება, ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას.
...ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის?





