რუსეთი

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვი აფხაზეთში , გუდაუთის სამხედრო ბაზის მოსანახულებლად ჩავიდა. სააგენტო აფსნი-პრესის ცნობით, რუსმა მინისტრმა  დაათვალიერა  რა პირობებში  ცხოვრობენ  გუდაუთის ბაზაზე  რუსი სამხედროები.

აფსნი-პრესის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გუდაუთის ბაზა გაძლიერდა და გაფართოვდა. ბაზაზე  სამშენებლო სამუშაობი  დღემდე გრძელდება. უკვე აშენებულია ახალი ყაზარმები, შეყვანილია ახალი ტექნიკა, აშენებულია ახალი საცხოვრებლებიც რუსი  სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.

გუდაუთის ბაზა აფხაზეთში რუსეთის ძირითადი სამხედრო ბაზაა.  აგვისტოს ომამდე რუსეთი ირწმუნებოდა, რომ  აღნიშნული ბაზა ეუთოს სტამბოლის სამიტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად დახურა, საქართველო კი აცხადებდა, რომ რუსეთს გუდაუთის ბაზა დახურული არ ჰქონდა და  რუსი სამხედროები, მათ შორის აფხაზეთში იმ ხანად მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალები  იყენებდნენ იქ არსებულ ინფრასტრუქტურას.  ოფიციალური თბილისი ითხოვდა გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო ინსპექტირებას.   2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა გააფორმა შეთანხმება  სეპარატისტ ხელისუფლებებთან , საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე  სამხედრო ბაზების არსებობის შესახებ.

 

კომენტარები