რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისთვის საქართველომ შვეიცარიის წინადადება მიიღო

საქართველო   დათანხმდა  შვეიცარიელი შუამავლების  წინადადებას   და  თუ მას რუსეთის მხარეც მიიღებს   ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას წინააღმდეგობა აღარ შეხვდება.   "წინადადება  შვეიცარიელმა შუამავლებმა გუშინ საღამოს წარმოადგინეს.  ის  გულისხმობს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომლის საშუალებითაც , შესაძლებელი  იქნება გაკონტროლდეს  ტვირთების გადაადგილება და მიმოქცევა  იმ სავაჭრო  დერეფნებში, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის გამაერთიანებელი ტერიტორიების საზღვრებზე მდებარეობს.  ესაა ორ კომპონენტიანი მექანიზმი: საერთაშორისო მონიტორინგი და მონიტორების მიერ ტვირთების გაკონტროლება ელექტრონულ რეჟიმში -  აცხადებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.  ტაბულას მან დაუდასტურა, რომ  ლაპარაკია ორივე მხარისთვის მისაღებ მექანიზმზე.  პრინციპული სიახლე შვეიცარიის ახალ წინადადებაში არის მესამე მხარის ურთიერთობა კომპანიასთან, რომლის მონიტორებიც დადგებიან რუსეთ-საქართველოს საერთო საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის  პერიმეტრებზე ტვირთების გასაკონტროლებლად.   დეტალებზე საუბრისგან კაპანაძემ თავი შეიკავა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა მოითხოვა რამდენიმე დღე WTO-ში გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებებში შვეიცარიის მიერ წარმოდგენილი ახალი წინადადების შესასწავლად.

 

კომენტარები