მზის ენერგიის გამანაწილებელი დაფების მწარმოებელი კომპანიის – Solyndra-ს გაკოტრებას, ანალიტიკოსებმა უკვე ობამანომიკის ლოგიკური მარცხი უწოდეს: Solyndra ზუსტად განასახიერებს თეთრი სახლის მონდომებას, ამერიკული ეკონომიკა ახალ რელსებზე გადააწყოს. და იმასაც, თუ როგორი უხერხემლოა ეს ძალისხმევა.
ერთ დროს Solyndra გარემოს დაცვაზე ორიენტირებული, ტექნოლოგიურად განვითარებული და პოლიტიკურად კორექტული კომპანია იყო. ექსპორტიორი და არა იმპორტიორი. შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალით: ნახევარმილიარდდოლარიან სესხს, რომელიც კომპანიამ მთავრობისგან მიიღო, სამუშაო ადგილები უნდა შეექმნა და ქვეყნის ეკონომიკა გაეზარდა.
თუმცა, ეს ყველაფერი მანამ ხდებოდა, სანამ Solyndra, სესხის ათვისების მიუხედავად, გაკოტრების შესახებ განაცხადებდა, 1.1 ათას სამუშაო ადგილს გაანიავებდა და რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობას ცარიელ-ტარიელს დატოვებდა. მანამ, სანამ ენერგეტიკის საპარლამენტო კომიტეტი გაავრცელებდა ელექტრონულ მიმოწერას, რომლის მიხედვითაც, სესხი Solyndra-სთვის სპეციალურად დააჩქარეს. მანამ, სანამ გამოძიება, კომპანიის პოლიტიკური კავშირების დასადგენად, პრეზიდენტ ობამას BlackBerry-ს გზავნილების შემოწმებას მოითხოვდა. დღეს თეთრი სახლიც და Solyndra-ს წარმომადგენლებიც დუმილს არჩევენ. თუმცა კითხვებზე პასუხების გაცემა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ.
Solyndra 2005 წელს დაარსდა. კომპანიის მთავარი კონცეფცია მზის ენერგიის ეფექტიანი გამოყენება, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა და ამით გარემოს დაცვა იყო. მთავარი ინოვაცია – სილიკონის ულტრათხელი სოლარული პანელები – იმ დროისთვის კიდევ უფრო ძვირი ღირდა. ინოვაციასთან ერთად, კომპანიის საწყისი კაპიტალი – სუპერმარკეტების ქსელის – Wallmart-ის მფლობელი უოლტონების ოჯახისა და ოკლაჰომას ენერგოგიგანტის, ობამას 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დონორის, ჯორჯ კაიზერის წყალობით – 78 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 2006 წელს კომპანია ფეხზე დამდგარიყო.
დაახლოებით იმავე პერიოდში, კონგრესმა მიიღო და პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა ენერგეტიკული პოლიტიკის აქტს. ამ კანონის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ენერგეტიკის დეპარტამენტს ახალი სასესხო-საგარანტიო პროგრამა გაუჩნდა. პროგრამის მიზანი იმ სუფთა ენერგოტექნოლოგიების მხარდაჭერა გახლდათ, რომლებიც კერძო დაფინანსებას, მაღალტექნოლოგიური რისკების გამო, ვერ მოიზიდავდნენ. სხვა სიტყვებით, აქტი იმ პროექტებს აკრედიტებდა, რომლებიც თავისუფალი ბაზრისთვის მიმზიდველი არ იყო.
2009 წლის სექტემბრამდე, ენერგეტიკის დეპარტამენტს არც ერთი პროექტი არ ჰქონდა დაფინანსებული. როგორც გამოძიების შედეგად მოპოვებული მიმოწერიდან ირკვევა, ობამას გაპრეზიდენტებამდე, Solyndra-ს წარმომადგენლები 2009 წლის იანვარში, მთავრობისგან სესხის მისაღებად, ბუშის ადმინისტრაციაზეც ახორციელებდნენ ინტენსიურ ზეწოლას. 2009 წლის 12 იანვარს Solyndra-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ენერგეტიკის დეპარტამენტს წერილი გაუგზავნა, რითაც საკუთარი აღშფოთება გამოხატა ბუშის ადმინისტრაციის მიმართ. აღშფოთების საბაბი იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის დეპარტამენტმა გადაწყვიტა Solyndra-ს შესახებ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა მანამდე, სანამ გადასახადების გადამხდელთა თანხებს კომპანიაზე სესხად გასცემდა. Solyndra-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტ ობამასაც მისწერა, რომ სესხის გაცემის პროცესის გაჭიანურებას, შესაძლოა, კომპანიაზე მძიმე გავლენა ჰქონოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, თეთრი სახლი Solyndra-სთვის გასაცემი სესხის ბედით მოულოდნელად აქტიურად დაინტერესდა. ამ პერიოდში Solyndra-ს აღმასრულებლებმა თუ ინვესტორებმა თეთრი სახლი არაერთხელ მოინახულეს.
2009 წლის სექტემბერში Solyndra ახალი ქარხნის გახსნას გეგმავდა. ორი დღით ადრე, 2 სექტემბერს, კომპანიას ნანატრი ნახევარმილიარდდოლარიანი სესხი დაუმტკიცდა. ამ პერიოდშივე კერძო ინვესტორებისგან 219 მილიონი დოლარი მოიზიდა. და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხუთწლიანი არსებობის მანძილზე კომპანიამ 558 მილიონი დოლარი დაკარგა, ხოლო PricewaterCoopers-ის შეფასებით, Solyndra-ს მუდმივი ზარალიანობა კომპანიის მდგრადობასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვს აჩენდა.
2009 წლის 4 სექტემბერს Solyndra-ს მასიური 27871 კვადრატული მეტრი, 344-მილიონდოლარიანი ქარხნის გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა და კომპანია „მუდმივი სამუშაო ადგილების” შექმნისთვის შეაქო. ცოტა ხანში Solyndra-მ ახალ ქარხანასთან შორიახლოს არსებული მეორე ქარხანა დახურა, რამაც გაუგებარი გახადა, თუ საერთოდ რატომ დასჭირდა დამატებითი ქარხნის აშენება. ახალ ქარხანას ყოველწლიურად 110 მეგავატი გამანაწილებელი დაფის წარმოება შეეძლო. 2010 წელს Solyndra-მ მხოლოდ 65 მეგავატის ოდენობის დაფები გაყიდა. თანამშრომლებმაც შენიშნეს, რომ დარჩენილი მზის დაფების გროვები გაუთავებლად იზრდებოდა.
2010 წლის ბოლოსკენ Solyndra-ს ბუნდოვანმა პერსპექტივამ და მასთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა ფასმა, ობამას ადმინისტრაციაც დააფიქრა. მაისში ქარხანას პრეზიდენტი ობამა, გუბერნატორ არნოლდ შვარცნეგერთან ერთად ესტუმრა. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისკენ გათვლილ გამოსვლაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ეკონომიკური ზრდის ნამდვილი ძრავი ყოველთვის იქნება Solyndra-ს მსგავსი კომპანიები”. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმის შესახებ, თუ როგორი კატასტროფული სისწრაფით კარგავდა Solyndra ხალხის ფულს. ამის ნაცვლად მან მომავლის საუკეთესო სურათი დახატა: ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებული 3 ათასი წარმატებული მუშახელი 22 შტატში პროდუქციის მარაგებს ამზადებს; ათეულობით შტატში სპეციალისტები თანამედროვე ტექნიკას აწყობენ; Solyndra კი, თავის მხრივ, კიდევ ათასი მუშის დაქირავებას გეგმავს. კომპანიას მზის გამანაწილებელი დაფების დამზადება და ამერიკასა და მთელ მსოფლიოში გაყიდვა სურს. ამ გამოსვლის პარალელურად, კულისებს მიღმა, Solyndra-ს მენეჯმენტი გააფთრებით ცდილობდა მეტი კაპიტალის მოზიდვას და არაკონკურენტული პროდუქტის გასაღებას.
სოლარული პანელების გლობალური ბაზრის უდიდეს წილს ჩინელი მწარმოებლები აკონტროლებენ. თუმცა ისინიც და ამერიკის სხვა მწარმოებლებიც, მაგალითად, First Solar, შედარებით იაფფასიან უბრალო სილიკონის პანელებს ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი პანელის დამზადება ვატზე 75 ცენტი ჯდება, Solyndra-ს მიერ წარმოებული ულტრათხელი დაფა კი – 4 დოლარი, ანუ 5-ჯერ უფრო ძვირი. Solyndra პირველი კომპანია არ არის, რომელმაც ჩინურ კონკურენციასთან გამკლავება სესხით სცადა. მასაჩუსეტსის შტატში კომპანიამ – Evergreen Solar – საკუთარი ქარხანა დახურა და ჩინეთში გადაბარგება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მასაჩუსეტსის შტატიდან დახმარების სახით 58 მილიონი დოლარი მიიღო, თუმცა მოგება მაინც ვერ გაზარდა. 15 აგვისტოს Evergreen Solar-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა. ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთი ყოველთვის უფრო იაფად დაამზადებს მზის ენერგიის გამანაწილებელ დაფებს ზუსტად იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც უკვე გაცილებით უფრო იაფად ამზადებს, მაგალითად, iPod-ებს და iPad-ებს: იაფი მუშახელი და ნედლ მასალაზე უკეთესი წვდომა.
ჩინეთის აშკარა კონკურენტუნარიანობის მიუხედავად, უპირატესობა შედარებითია: თუ ჩინეთი ამერიკაზე იაფად აწარმოებს მზის ენერგიის გამანაწილებელ დაფებს, ჩინეთი მეტ ამერიკულ დოლარს მიიღებს; სამაგიეროდ – ამერიკელი მომხმარებელი დაფებს უფრო დაბალ ფასში შეიძენს. ასე მუშაობს ბაზარი. მეორე მხრივ, როცა მთავრობა 535 მილიონ დოლარს წარუმატებელ კომპანიაში აბანდებს, ის არა მხოლოდ ანიავებს სხვის ფულს, არამედ სხვა კერძო პროექტებს უსპობს წარმატების შესაძლებლობას. Solyndra-სთან დაკავშირებული ელექტრონული მიმოწერა აჩვენებს, რომ მთავრობას, მომავლის კი არა, არსებული ინდუსტრიების სწორი შეფასებაც არ შეუძლია.
2011 წლის 6 სექტემბერს Solyndra-მ გაკოტრების შესახებ განაცხადა და 1.1 ათასი თანამშრომელი უმუშევარი დატოვა. კომპანიის უკვე ექსთანამშრომლებმა დახმარებისთვის ფედერალური მთავრობის პროგრამას მიმართეს. შრომის დეპარტამენტის შეფასებით, მომავალ წელს ქვეყნის ბიუჯეტს ყოველ ახალ უმუშევარზე 13 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.
გადასახადის გადამხდელები სავარაუდოდ უფრო მეტ თანხას დაიბრუნებდნენ, თებერვალში ვალის რესტრუქტურიზაცია რომ არ მომხდარიყო. ობამას ადმინისტრაციამ ვალის რესტრუქტურიზაციისას, კერძო ინვესტორები – მათ შორის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დონორი, ჯორჯ კაიზერი – კომპანიის დეფოლტის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების თვალსაზრისით, გადასახადების გადამხდელებზე წინ დააყენა. ფედერალური არჩევნების დოკუმენტაციის მიხედვით, 2008 წლის არჩევნებზე კაიზერმა ობამას კამპანია 100 ათასამდე დოლარით დააფინანსა. თეთრი სახლის ვიზიტორთა დოკუმენტაციის მიხედვით, კაიზერი 2009 წლის შემდეგ, პრეზიდენტის თანაშემწეებს 16-ჯერ შეხვდა.
მენეჯმენტისა და ბიუჯეტის სამსახურის შეფასებით, ეკონომიკურად რესტრუქტურიზაციას აზრი არ ჰქონდა: Solyndra მაინც გაკოტრდებოდა, მყისიერი ლიკვიდაციის შედეგად კი მთავრობა დაახლოებით 170 მილიონი დოლარით მოგებული დარჩებოდა.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, Solyndra – და მწვანე სამუშაო ადგილების პროგრამის მზარდი პრობლემები – 2012 წელს თამაშის წესებს მკვეთრად შეცვლის. Solyndra-ს სკანდალი, საუკეთესო შემთხვევაში, აშკარად აჩვენებს, რომ მთავრობას არ შეუძლია გადასახადების გადამხდელთა ფული კერძო ბიზნესში სარფიანად დააბანდოს. უარეს შემთხვევაში კი, საქმე გვაქვს წინასწარ განზრახულ ტყუილთან: მიზანმიმართული ეკონომიკური სტიმულების ნაცვლად, რომელთაც მაღალი ხელფასები და სტაბილური სამუშაო ადგილები უნდა შეექმნათ, ამერიკელ ხალხს ხელში შერჩა მათი ჯიბიდან ამოღებული და გაფლანგული ფული და საკუთარი პრეზიდენტის ცუდად შენიღბული ფავორიტიზმი საარჩევნო კამპანიის დონორების მიმართ. ამ უკანასკნელზე სკანდალის რამდენიმე დეტალი არაორაზროვნად მიუთითებს.
გამოძიების შედეგად შესწავლილი ელექტრონული წერილების სერიებში, ორი ტენდენცია იკვეთება. პირველი – თეთრმა სახლმა ზუსტად იცოდა Solyndra-ს სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებული რისკები, და მეორე – ობამას ადმინისტრაცია რეალურად ცდილობდა სესხის გაცემა დაეჩქარებინა: თეთრი სახლის ჩინოვნიკები მენეჯმენტისა და ბიუჯეტის სამსახურს გაუთავებლად ეკითხებოდნენ, როდის მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და წინასწარ დაგეგმილ პრესკონფერენციასაც ახსენებდნენ. თვითონ Solyndra-ს წარმომადგენლები დუმილის უფლებით სარგებლობენ და ადვოკატებზე საათში 2.6 ათას დოლარს ხარჯავენ. კომპანიის მსგავსად, ზოგიერთი ადვოკატი, რომელიც Solyndra-ს გაკოტრებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე დაიცავს, პოლიტიკური კავშირების ნაკლებობას არ უჩივის: მაგალითად, კომპანიის უახლესი ლობისტი, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი და სენატორობის კანდიდატი უილიამ უელდია.
კორუფციულ გარიგებას რომ თავი დავანებოთ, Solyndra-ს საქმე მაინც სკანდალურია – მთავრობა, გამოუცდელ და სპეკულაციურ ბიზნესს ასეულობით მილიონ დოლარს უჯიბავს.
რას ამბობს პრეზიდენტი ობამა Solyndra-ს საქმეზე? „თუ გვსურს კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთს, რომელიც ამ ინდუსტრიას მილიარდობით დოლარს ახარჯავს... დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მწარმოებლები საკუთარი შანსის გამოყენებას შეძლებენ”, – პრეზიდენტ ობამას ლოგიკით, თუ ჩინეთი სუბსიდირებას უკეთებს „მომავლის” ინდუსტრიებს, ამერიკაც ასე უნდა მოიქცეს. მაგრამ თავისუფალი ბაზრის პირობებში – რა ტიპის ეკონომიკაც ამერიკას ყოველთვის ჰქონდა – კერძო ინვესტორები დამოუკიდებლად არჩევენ ინდუსტრიებს, რომლებიც, მათი აზრით, მომავალში წარმატებას მიაღწევენ. ამ შემთხვევაში ფსონად კერძო ფული იდება და არა – გადასახადის გადამხდელის. როცა ინვესტორი რისკავს, წაგების შემთხვევაში, მხოლოდ ის ზარალდება; როცა გადასახადის გადამხდელის ხარჯზე მთავრობა რისკავს, ზარალდება ყველა.
მწვანე პოლიტიკის დამცველები უკვე ალაპარაკდნენ, რომ Solyndra-სთვის გაცემული სესხი მხოლოდ 1.3%-ია იმ 38.6-მილიარდდოლარიანი ფედერალური სასესხო გარანტიებისა, რომელიც 40-ზე მეტ კომპანიაზე გაიცა. მათ შორისაა, Ford-ი, Sempra და Valero Energy. თუმცა ამ სესხების უდიდესი წილი განახლებული ენერგიისა და პოლიტიკურად მოდაში შემოსულ კომპანიებზე მოდის. მაგალითად, Tesla Motors-ზე (465 მილიონი აშშ დოლარი), რომელიც ელექტრონულ ჯიპებს აწარმოებს და მათი შეძენა, სულ რაღაც, 109 ათას დოლარად არის შესაძლებელი. კერძო კაპიტალის რამდენიმე დამატებითი რაუნდის შემდეგაც, Tesla Motors-ს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ მოგების მოტანა შეუძლია.
Washington Post-ის შეფასებით, 38.6-მილიარდ-დოლარიანმა პროგრამამ 3.5 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა ანუ ერთ სამუშაო ადგილზე 10.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ვალი მოდის. ამ და სხვა მრავალი გათვლის საფუძველზე, ანალიტიკოსების დიდი ნაწილის აზრით, ამერიკის ენერგეტიკული პოლიტიკა ენერგიის რაოდენობისა და ტიპის განსაზღვრით უნდა შემოიფარგლოს და დასაქმების პროგრამის სახით არსებობა შეწყვიტოს. Brookings Institution-ის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილი სუბსიდიების პირობებშიც, Silicon Valley-ში სუფთა, მწვანე სამუშაო ადგილები გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე 10 წლის წინ იყო.
მთავარი კლიშე ის არის, რომ მთავრობას თავისუფალ ბაზარზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს თუ რომელი კომპანია მოიტანს მოგებას და რომელი ვერა. შესაბამისად, მთავრობა არ ცდება და ყოველთვის პოტენციურად მომგებიან კომპანიებს ეხმარება. ეს არასწორია: მთავრობა სწორედ წამგებიან კომპანიებს აფინანსებს. მომგებიან კომპანიებს მთავრობის ფული არ სჭირდებათ. წამგებიანი კომპანიებისთვის კი სესხის მიღება, როგორც წესი, მუდმივი მოთხოვნილება ხდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სესხის მიღების შემდეგაც, Solyndra-მ 187 ათასი დოლარი საკუთარი პროდუქციის ლობირებაზე დახარჯა. ლობირების მიზანი იყო, თეთრ სახლს სამთავრობო უწყებებზე ზეწოლა მოეხდინა, რომ მათ Solyndra-ს მზის ენერგიის გამანაწილებელი დაფები ფედერალურ შენობებზე დაემონტაჟებინათ. ამდენად, Solyndra მოგებაზე გასვლას საბაზრო მექანიზმების ამუშავებით კი არა, ისევ მთავრობის მანიპულირებით შეეცადა.
ანალიტიკოსების აზრით,ამერიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება გაკოტრებულ სუფთა ენერგიის კომპანიას. დღევანდელ ამერიკულ ეკონომიკაში რისკები სოციალიზებულია, მოგება – პრივატიზებული. მთავრობა დეფიციტურ დაფინანსებას იმისთვის იყენებს, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღოს და მხარს უჭერს ბაზრებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში საერთოდ არ იარსებებდნენ. პოლიტიკური კავშირები მთავრობის გულუხვი ჯილდოების მიმღებთა სიას განსაზღვრავს. ბუნებრივი პირადი ინტერესები რატომღაც გარემოზე ზრუნვისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის მიღწევის „მორალურ” ნიღაბქვეშ იმალება. ამ ილუზიამ შეიძლება გარკვეულ ხანს გაძლოს, თუმცა ბოლოს ვალის გასტუმრების დრო მაინც დგება. ფული არ არის. და ყველაფერი მთავრდება.
მეცხრამეტე საუკუნის ეკონომისტს, ფრედერიკ ბასტიას თუ დავუჯერებთ, „თითქმის ყოველთვის, როცა მყისიერი შედეგი ხელსაყრელია, გრძელვადიანი შედეგები კატასტროფულია”.





