ერდოღანის თურქეთი

ახალი ძალის აღზევება საქართველოს მეზობლად

 თურქეთი ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. ხშირად ეს ვინმეს დაცვის ლოზუნგით კეთდება. მათ შორის არიან: სირიელი ხალხი, პალესტინელები, კვიპროსელი თურქები. თუმცა, ანკარის ქმედებების ნამდვილი მიზეზები სტრატეგიული ხასიათისაა. 

მე-20 საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა, ძირითადად, აშშ-თან მოკავშირეობაზე იყო ორიენტირებული. ძირეული ცვლილებები ამ კუთხით 2002 წელს დაიწყო, როდესაც თურქეთის ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) მოვიდა. ამ პოლიტიკური ძალის საგარეო სტრატეგია, რომლის ავტორი ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუა, თურქეთს ყველასგან დამოუკიდებელ დიდ ძალად მოიაზრებს  –  საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებით. ამ ხედვის მიხედვით, თურქეთმა უნდა გაავრცელოს თავისი გავლენა ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე – ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, ბალკანეთში; ასევე ცენტრალურ აზიაში, ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში და ზოგადად ისლამურ სამყაროში. ამ ახალ სტრატეგიას თურქეთი 2002 წლიდან ახორციელებს, მაგრამ ბოლო პერიოდში მისმა აქტიურობამ პიკს მიაღწია. 
 
ამის მაგალითი სირიაა. იქ თურქეთი ბაშარ ალ-ასადის მმართველი რეჟიმის მოშლას ცდილობს. სირიული ოპოზიციის წევრები თურქეთში კონფერენციებს აწყობენ. დავუთოღლუ აცხადებს, რომ სირიის მთავრობასა და ხალხს შორის არჩევანის გაკეთებისას თურქეთი ხალხის მხარესაა. ერდოღანი აცხადებს, რომ სირიელი ხალხის მჩაგვრელები ვერ გადარჩებიან და სირიას სანქციების დაწესებით ემუქრება. ამა წლის 24 სექტემბერს, თურქეთმა იარაღით დატვირთული სირიული გემი დააკავა. ანკარის აქტიურობის მიზეზი ისაა, რომ ასადის ალავიტური (ალავიტები – შიიტური სექტა) რეჟიმის დაცემის შემთხვევაში, სირიაში ჩამოყალიბდება მოსახლეობის უმრავლესობის – სუნიტების მმართველობა. ახალი სუნიტური რეჟიმი, ირანის მეგობარ ასადისგან განსხვავებით, პროთურქული იქნება.
 
თურქული აქტიურობის კიდევ ერთი არეალი ისრაელი და პალესტინაა. აქ ერდოღანი, ისრაელთან კონფლიქტში შესვლის გზით, ირიბად ისევ ირანს უპირისპირდება. საქმე ისაა, რომ ისლამური სამყაროს ლიდერის სტატუსისთვის ჭიდილისას, ისრაელთან ბრძოლა ლეგიტიმაციის საუკეთესო საშუალებაა. ირანი ამ ხერხს წლების მანძილზე იყენებდა. ახლა თურქეთი ისრაელთან მთავარი მებრძოლის და პალესტინელთა ინტერესების მთავარი დამცველის სახელის მოხვეჭას ცდილობს – სწორედ ისლამური სამყაროს ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად. ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს გაეროს მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, არ აღიარებს ისრაელის მიერ დაწესებულ ღაზის ბლოკადას და ღაზაში მიმავალ „დახმარების გემებს” სამხედრო ესკორტირებას ჰპირდება. 
 
თურქული აქტიურობის კიდევ ერთი მაგალითი კვიპროსია. ამ შემთხვევაში ანკარა კვიპროსის მიერ მისივე წყლებში ბუნებრივი აირის მოპოვებას აპროტესტებს. თურქეთის ხელისუფლების აზრით, პროცესი კვიპროსის ბერძნულ და თურქულ ნაწილებს შორის კონფლიქტის მოგვარებამდე უნდა შეჩერდეს. კვიპროსის მიერ აირის მოპოვების დაწყების პასუხად, თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან შეთანხმებით, თავად დაიწყო აირის და ნავთობის ძებნა კვიპროსის წყლებში. ერდოღანმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საძიებო გემებს სამხედრო ესკორტს გამოუყოფს. 
 
თურქების ქმედებებიდან ჩანს, რომ: 1) მათ არ ერიდებათ ღიად მოქმედება მეზობელ სახელმწიფოში მმართველი რეჟიმის ჩამოსაგდებად; 2) პირდაპირ ემუქრებიან მეზობელ სახელმწიფოს სამხედრო ძალის გამოყენებით პოლიტიკური ან ეკონომიკური დავების გამო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთს საგარეო პოლიტიკაში ერთგვარი პაუზა ჰქონდა აღებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარი მდგომარეობა დასრულდა. 
 
კავკასია, მათ შორის საქართველო, თურქეთის ინტერესთა სფეროში შედის. ანკარას აინტერესებს ცენტრალური აზია, რომელთანაც სახმელეთო სატრანსპორტო კავშირის ერთადერთი გზა, საქართველო-აზერბაიჯანის გეოგრაფიული დერეფანია. თუკი გავითვალისწინებთ თურქეთის ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს, მის მზარდ საგარეო პოლიტიკურ გავლენას და  სადაზვერვო სამსახურების მძლავრ რესურსებს – თურქეთის მიერ საქართველოზე გარკვეული გავლენის მოპოვება გარდაუვალია. ეს, შეიძლება, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი თვალსაზრისითაც ხასიათდებოდეს. იმისთვის, რომ უარყოფითი არ სჭარბობდეს, ორი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო. 
 
პირველი – საქართველო არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას თურქეთის რეგიონული პოლიტიკისთვის. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კავკასიის რეგიონში ანკარის ყველა იმ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება თურქეთისთვის აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან საიმედო სატრანზიტო კავშირის უზრუნველყოფას, რადგან ეს თურქეთისთვის გეოსტრატეგიულ აუცილებლობას წარმოადგენს. დღესდღეობით საქართველო ამ პირობას ასრულებს.
 
მეორე – ქვეყანამ უნდა შეზღუდოს თურქული გავლენა საქართველოს საზღვრებს შიგნით. თუკი თურქეთი მოიპოვებს საკმარის კონტროლს საქართველოში ან თუნდაც სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილებში მიმდინარე პროცესებზე, მან შეიძლება ნაკლებად საჭიროდ ჩათვალოს საქართველოს ხელისუფლების აზრის გათვალისწინება. ასეთ შემთხვევაში თურქეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ნაკლებად დიპლომატიური და უფრო ხისტი გახდება. 
 
ფაქტია, რომ უახლოეს ათწლეულებში თურქეთი ჩვენს რეგიონში ძალიან გავლენიანი ძალა იქნება. საქართველოს ამოცანა, ამ ფაქტის დადებითი მხარეების მაქსიმალურად გამოყენება და გამოწვეული საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა უნდა იყოს. მიზნის მისაღწევად, თურქეთის რეგიონული პოლიტიკის მხარდაჭერა და, იმავდროულად, საქართველოს ტერიტორიაზე თურქული გავლენის შეზღუდვა, ერთადერთი რეალისტური გზაა. 

კომენტარები