კოლონიურობა

ოჰ ეს ენები

ამას წინათ ავტობუსში შევესწარი ასეთ სცენას – არ მახსოვს რაზე, მაგრამ ორი ქალბატონი –  რუსი და ქართველი ცოტათი   შეკამათდნენ. დავის საგანი რაღაც წვრილმანი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ისინი მეტყველებდნენ თავ–თავიანთ ენებზე და ამ ლაპარაკისას ქართველმა რუსს  მოსთხოვა ელაპარაკა ქართულად. – «Грузинский язык это народный язык, а русский язык это международный язык. Я не обязанна говорить по грузински!» - უპასუხა რუსმა  მედიდური სიმკაცრით.    მეორე შემთხვევასაც გიამბობთ, რომელიც, ჩემი აზრით „საავტობუსოზე“ უფრო დამაფიქრებელია:

ერთ–ერთ – ხაზგასმით მინდა ვთქვა – ქართულენოვან გამომცემლობაში ვიყავი რაღაც საქმეზე და ვინაიდან ის ადამიანი, რომელთანაც მე საქმე მქონდა  ჯერ მოსული არ იყო, მისაღებში მომიწია მოცდა. იქ საკმაო რაოდენობის თანამშრომლები ირეოდნენ, თუმცა ჩემი ყურადღება მიიპყრო დამლაგებელმა;   ეს იყო ორმოცდახუთიოდე წლის თბილისელი (აქცენტით ვცნობ) რუსი ქალი, რომელსაც, გარეგნული იერით თუ ვიმსჯელებთ ვინძლო სომხებიც ჰყავდნენ სანათესაოში. ის, მიუხედავად იმისა,   რომ, იყო მხოლოდამხოლოდ დამლაგებელი, ერთგვარი თამამი დიასახლისივით იქცეოდა და ყველას(ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენა) პრინციპულად ელაპარაკებოდა რუსულად. თან,  – თითქოს ტკბებოდა ამით. „ყოველანი“,  ანუ  გამომცემლობის თანამშრომელი ქრთველი გოგონები, რატომღაც, ასე ვთქვათ, ეხმატკბილებოდნენ ამ ქალის  „გამოწვევას“ და ებაასებოდნენ მას თავანკარა რუსულით. ახლა, ვიღაც ალბათ იკითხავს თუ  რა არის ნეტავი ამაში ცუდი? ისეთიც არაფერი, მაგრამ  ნეტავი კარგი რაღაა?      

ჩემი აზრით, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებმა თანამედროვე ადამიანმა, სასურველია იცოდეს და ალბათ ვალდებულიცაა იცოდეს სამი ენა: უპირველეს ყოვლისა მშობლიური, მერე – იმ ქვეყნისა რომელის მოქალაქეცაა ან არ არისმოქალაქე, მაგრამ რომელშიც ცხოვრობს  და  საერთაშორისო (საყოველთაო) ენა.

 გაეროს მიერ სათავისოდ ოფიციალურად აღიარებული ენა დღესდღეობით ექვსია, მაგრამ ხომ არ დადგა დრო, რომ ასეთი ენა, ბოლოსდაბოლოს, გახდეს ერთი, – და რადგან ინგლისური, მაინც, საერთაშორისო ენებს შორის ყველაზე გავრცელებული ენაა მსოფლიოში – საყოველთაო საერთაშორისო  ენად აღიარებულ იქნას მხოლოდ ინგლისური. სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც არაბული,  ფრანგული, რუსული, ესპანური და ა. შ. ისწავლებოდეს კერზო სკოლებში ან იმ რეგიონებში, სადაც ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხი ჭარბობს.

სხვათაშორის, სომხური, აზერბაიჯანული, ოსური, აფხაზური და ზოგიერთი სხვა ენები, სულაც არაა საერთაშორისოები, მაგრამ მათ არათუ ასწავლიან საქართველოს ზოგიერთ საჯარო სკოლებში, არამედ არის ამ ენოვანი სკოლებიც. რათქმაუნდა, გვაქვს რუსული სკოლებიც. რა აუცილებლობაა იმისა, რომ რუსული ენა ინგლისურის დონეზე ისწავლბოდეს და ითვლებოდეს საერთაშორისოდ? იგივე შეიძლება ითქვას არაბულზე, ფრანგულზე,  პორტუგალიურზე, ესპანურზე და ჩინურზე. ეს უკანასკნელი, სხვათაშორის, არცაა აღიარებული  საეთაშორისო ენად,  მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ითვლება გაეროს ერთ–ერთ ოფიციალურ ენად.

რასაკვირველია, ინგლისურთან ერთად საერთაშორისოებად აღიარებულ და ჩინურ ენებზე, ლაპარაკობს უამრავი ხალხი და რუსულ, ფრანგულ, არაბულ და ესპანურ ენოვანი ქვეყნებიც ბევრია დედამიწის ზურგზე, მაგრამ თუ ჩვენ ვთმობთ, მაგათაც ხომ უნდა დათმონ რამე. ეგენი  ერთმასნეთს ეპაექრებიან თავიანთი ენების გავლენიანობაში, მაგრამ ჩვენ და ჩვენნაირმა მცირერიცხოვანმა ხალხებმა რა ვქნათ, ასე ხომ რუსი რუსულს მოგვახვევს თავს, არაბი არაბულს, ფრანგი ფრანგულს. გამოდის, რომ ჩვენი ენა მართლა მხოლოდ „ნაროდნიღა“ გამხდარა ჩვენს ქვეყანაში; ესეიგი  რამდენი რუსი, არაბი, ესპანელი, ფრანგი და პორტუგალიელი  მოისურვებს ჩამოსვლას ჩვენთან,  ყველას თავთავიანთ ენებზე ვებაასოთ? განა, არ ჯობია მთელმა მსოფლიომ ისწვლოს ერთი საყოველთაო ენა  და ამ ენაზე ესაუბრონ   ადამიანები უცხო ტომის ხალხს? თავისიანებს  კი ელაპარაკონ თავიანთ მშობლიურ ენებზე; ხოლო ვისაც  ძალიან უნდათ ენების სწავლა, ისწავლონ იმდენი ენა, რამდენიც გაეხარდება მათ  სულსა და გულს – გახდენენ თუნდაც პოლიგლოტები.

გაერომ თავისი საქმისა თვითონ იცის, საქართველოს მოქალაქემ კი კარგი იქნებოდა იცოდეს – თავისი მშობლიური ენა, სახელმწიფო ქართული ენა და საერთაშორისო ინგლისური ენა.                                    

 

კომენტარები